გრიგოლ გეგელია -  საერთაშორისო პარტნიორების წუხილი გასაგებია, მაგრამ ბოიკოტი ჩვენი არა თვითმიზანი, არამედ ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა
გრიგოლ გეგელია -  საერთაშორისო პარტნიორების წუხილი გასაგებია, მაგრამ ბოიკოტი ჩვენი არა თვითმიზანი, არამედ ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა

ყველამ კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ, ეპიდვითარების გამო ამ წელს არჩევნებზე დაკვირვება იყო ძალიან შეზღუდული. საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ ძალიან მცირედ წარმოდგენილი საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს აისახება იმაზე, რომ ცოდნა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ინსტიტუციას გააჩნია, არის უფრო შეზღუდული, ვიდრე იდიალურ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მათ დასკვნებზეც აისახება. ამასთან, როგორც გეგელია აღნიშნავს, ოპოზიცია იბრძვის, რათა ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყოს შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას, რომ ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები, ამასთან დაკავშირებით გეგელია ამბობს, რომ ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, არამედ შექმნილ ვითარებაში ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.

„ბუნებრივია, ეს აისახება მათ დასკვნებზეც. ჩვენ ვიბრძვით სწორედ იმისათვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, არჩევნები გახდეს თავისუფლების, პროგრესის ინსტრუმენტი და არ იყოს ცალკეულ პირთა მიერ სასურველი პროცენტების დაწერის ინსტრუმენტი. დღევანდელი საერთო ოპოზიციური ბოიკოტის შინაარსიც სწორედ ამასთან არის კავშირში და ამისთვის არის დაწყებული ბრძოლა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები და ასეთივე სახელმწიფო.

ბუნებრივია, ჩემთვის გასაგებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წუხილი იმის თაობაზე, რომ დღეს საქმის ვითარება ისეთია, როგორიც არის. მერწმუნეთ,  ქართულ ოპოზიციაში არავის სურს, იყოს ბოიკოტში ჩართული. ბოიკოტი არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ქართულ ოპოზიციას დაგვრჩა ივანიშვილის სახელმწიფოში. ჩვენი ბრძოლა გრძელება სწორედ იმ შინაარსით, რომლითაც ის იყო წარმოდგენილი ბოლო ორი თვის განმავლობაში, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ემსახურება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წუხილის გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ხარვეზები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება.

ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ