გრიგოლ გეგელია - ის, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, პრინციპულად ძალიან კარგი მგონია
გრიგოლ გეგელია - ის, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, პრინციპულად ძალიან კარგი მგონია

ის, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, ზოგადად, პრინციპულად ძალიან კარგი მგონია, – განაცხადა ისტორიკოსმა, გრიგოლ გეგელიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას ვემხრობოდი და მეტიც, შევნატროდი, როცა ქალი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. რასაკვირველია – ქალი პრემიერიც. აბსოლუტურად ვემხრობი და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პოლიტიკაში ქალების ჩართულობას მაქსიმალურად გავაძლიერებდი“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, ზოგადად ასეა, მაგრამ კონკრეტულ დონეზე, ადამიანის სქესი მის პოლიტიკურ შინაარსს არ ადგენს.

„ქართულ პოლიტიკაში გვყოლია და გვყავს ქალები. ახლა, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მეთაურიც უკვე ქალი გვყავს, მაგრამ რომ შევხედოთ, ვთქვათ, ქალბატონ ირმა ინაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ხათუნა გოგორიშვილს, გუგული მაღრაძეს და სხვებს, რეალურად, ქალების კანდიდატები რამდენად იყვნენ?! ანუ, პოლიტიკა ჩვენთან მასკულინურია და ზოგადად, არის ანტითანასწორობა, როგორც ეკონომიკური, ასევე გენდერული გაგებით“, – განაცხადა გეგელიამ.

ამ განცხადებით ისტორიკოსმა, გრიგოლ გეგელიამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვას უპასუხა, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართული პოლიტიკისთვის, რომ შესაძლოა, ჩვენ პირველი ქალი პრეზიდენტი გვყავდეს, თუ ეგზიტპოლების შედეგები სწორია.