გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებს თუ არ მიიღებს და შარლ მიშელის ხელშეკრულების თანახმად არ იმოქმედებს, „ლელოს“ არაფერი საერთო აღარ გვექნება ამ პარლამენტთან
გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებს თუ არ მიიღებს და შარლ მიშელის ხელშეკრულების თანახმად არ იმოქმედებს, „ლელოს“ არაფერი საერთო აღარ გვექნება ამ პარლამენტთან

ვიბრძოლებთ არჩევნებში, თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს და შარლ მიშელის ხელშეკრულების დათქმების თანახმად არ იმოქმედებს, „ლელოს“ არაფერი საერთო აღარ გვექნება ამ პარლამენტთან და დავტოვებთ პარლამენტს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ ამ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მშვიდობა, გვქონდეს სტაბილურობა და პოლიტიკა იდგეს ხალხის სამსახურში ჩვეულებრივ საპარლამენტო ფორმატში, ეს იყო და არის „ლელოს“ უმთავრესი პრიორიტეტი. ამავე დროს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთს, ქართველ ხალხს და პრინციპებს არად დაგიდევს, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყოველ მეორე ჯერზე ატყუებს ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს, ქართველ ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში და თუკი „ქართული ოცნება“ ამ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს, როგორც მორალურად დამავალდებულებელ შედეგებს და თუკი მიშელის ხელშეკრულების დათქმების თანახმად არ იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი საერთო აღარ გვექნება ამ პარლამენტთან და დავტოვებთ პარლამენტს.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პატრიოტი ოპოზოციონერისთვის ჩვენი პოზიცია არის სრულიად გასაგები, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაყვება მიშელის ხელშეკრულების გზას და არ შეასრულებს დანაპირებს, არც ერთი ოპოზიციონერი არ დაადგება სხვა გზას, გარდა „ლელოს“ შეთავაზებული გზისა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.