გრიგოლ გეგელია - მოლაპარაკებებზე სწორი სულისკვეთება თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია
გრიგოლ გეგელია - მოლაპარაკებებზე სწორი სულისკვეთება თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია

მოლაპარაკებებზე სწორი სულისკვეთება თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მედიაციის პროცესში გამოჩნდება, რა ტიპის დათმობაზე შეიძლება წავიდეს რომელიმე მხარე.

„ექვსი პუნქტის ირგვლივ რეფორმირება კარგია ქართული დემოკრატიისთვის. მინდა ყველა მხარე საერთო ეროვნული ინტერესიდან ამოვიდეს. დღეს წყდება, რა წესით აირჩევს ქართველი ხალხი თავის მომავალს და როგორი პარლამენტი ეყოლება, მეათე მოწვევის პარლამენტის ნაცვლად. ვერ ვიტყოდი, რომ აქ არის ცალკეული ოპოზიციის და ხელისუფლების წითელი ხაზები. მინდა, ყველამ შევხედოთ, რა არის კარგი ჩვენი სახელმწიფოსთვის. იქ რა პუნქტებიცაა მოცემული, ვხედავთ, რომ იქიდან ყველა კარგია ქართული დემოკრატიისთვის, ეს არაა ვიღაცის ახირება.

მედიაციის პროცესმა უნდა გამოაჩინოს, პოტენციურად რა ტიპის დათმობაზე შეიძლება წავიდეს რომელიმე მხარე. აქ მთავარი ორი რამაა, პირველი – პროცესი ორგანულად მიმდინარეობდეს, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ როგორც ზრდასრულ, პატრიოტ ადამიანებს შეეფერებათ და მეორე – ამ პროცესს სწორი სულისკვეთება ახლდეს, რომ საუბარს აზრი ჰქონდეს. სწორი სულისკვეთება თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კომპრომისის გამონახვა შესაძლებელია. მედიაცია თავისი არსით ზუსტად გულისხმობს მხარეებს შორის პოზიციების შეჯერებას და დაახლოებას. მგონია. არსებობს გარკვეული საფუძველი იმის სათქმელად, რომ შეიძლება, კომპრომისს მივაღწიოთ“, – განაცხადა გეგელიამ.

კითხვაზე, ემზადება თუ არა პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გეგელიამ უპასუხა, რომ ახლა საპარლამენტო არჩევნების საკითხზე არიან ორიენტირებული.

„ამ მომენტში ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ეს საპარლამენტო კრიზისი გადაიჭრას და ქვეყანამ დროულად მიიღოს სწორად არჩეული პარლამენტი. ამ მომენტში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ესაა და შემდეგ მივხედავთ ყველა სხვა პრიორიტეტს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს.

ვაპირებთ, ყველა ბრძოლაში ვიყოთ. ამ დემოკრატიას, ისე როგორც არასდროს, ახალი ძალები, ახალი იდეები, ახალი შემართება სჭირდება, რომ ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს“, – აღნიშნა მან.