გრიგოლ გეგელია - „ლელო“ აგრძელებს მედიაციის ფორმატზე მუშაობას
გრიგოლ გეგელია - „ლელო“ აგრძელებს მედიაციის ფორმატზე მუშაობას

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „ლელო“ აგრძელებს მედიაციის ფორმატზე მუშაობას.

„გუშინდელი დღე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც ყველა იმ ადამიანმა შეიძლება გაიხაროს, ვისაც გულწრფელად ადარდებს თავისუფალი ქართული დემოკრატიის ბედი. ახლა უმთავრესია, რომ გუშინდელი სულისკვეთება იქნას შენარჩუნებული და გამყარებული ქართული დემოკრატიის, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეროვნული კონსოლიდაციის ინტერესების სამსახურში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების სულისკვეთება გამყარდეს კონკრეტული ნაბიჯებით და გამოიღოს კონკრეტული დემოკრატიული შედეგები“, – აცხადებს გეგელია.

გეგელია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტმა არსებული კრიზისი სრულიად ახალ რეალობაში გადაიყვანა.

„ერთი მხრივ, დასავლეთმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო მისი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი გაიღებს ძალისხმევას იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა იყოს სტაბილური. მეორე მხრივ, პრეზიდენტმა მიშელმა შემოგვთავაზა მედიაციის ფორმატში გადასვლა, რაც შინაარსობრივად და ხარისხობრივად კიდევ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ფორმატია, ვიდრე ფასილიტაცია. ევროკავშირის მიერ გაწეული მედიაცია მართლაც გულისხმობს უმაღლესი დონის პოლიტიკურ პროცესს და ასეთივე ვალდებულებებს.

მედიაციის ფორმატზე გადასვლის შესახებ „ლელოს“ ინიციატივით ბოლო თვეში აქტიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი და საინტერესო საუბრები სერბეთის ოპოზიციის ლიდერებთანაც, სადაც მსგავსი მოდელი გამოუცდიათ. მედიაციის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა არაერთი დაინტერესებული ევროპარლამენტარი და სხვა კოლეგა, ვისთანაც ყოველდღიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ. ეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა გრძელდება და გვწამს, რომ დაგვირგვინდება ქართული დემოკრატიის გამარჯვებით.

ოპოზიცია ღიაა მოლაპარაკების პროცესის მიმართ. ჩვენი სურვილია, რომ ეს კრიზისი დროულად და ეფექტიანად გადაიჭრას, რათა გაიმარჯვოს ქართველი ხალხის დემოკრატიულმა ხმამ. ახლა კი ჯერი ხელისუფლებაზეა. ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ დიდ და მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დემოკრატიულ ინტერესებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სტაბილურობას სასიცოცხლოდ ესაჭიროება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.