გრიგოლ გეგელია – კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, მივესალმებით მის ჩამოსვლას
ევროპული კავშირის ძალისხმევა არის ცნობილი, ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას დროულად და დემოკრატიულად. მათ უკვე მოავლინეს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ის პირადად ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის სახელით ამ კრიზისის გადაჭრაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„დანიელსონი არის მისასალმებელი ფიგურა. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილი, რადგან ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, საჯარო მოღვაწე, რომელსაც აქვს დადასტურებული რეკორდი საქართველოს მეგობრობისა და ქართული ინტერესების დახმარებისა მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ის კვლავაც განაგრძობს თავის ტრადიციულ, მნიშვნელოვან როლს, რომელიც გახლავთ პროქართული პოზიციების გატარება და ქართული დემოკრატიის ლობირება, რაც არის საჭირო დღევანდელ ვითარებაში. ჩვენ მივესალმებით მის საქართველოში ჩამოსვლას“, – განაცხადა გეგელიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.
კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.