გრიგოლ გეგელია - ევროკავშირში, წლებია, არსებობს გაწევრიანების მოდელების სხვადასხვა იდეა, პაპუაშვილს ვურჩევდი, გაეცნოს სამეცნიერო ლიტერატურას და ნაკლებად მოუწევს ისტერიული განცხადების გაკეთება
რუსეთის დაკვეთა სულ უფრო მკაფიო ხდება ამ რეჟიმის მიმართ – საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნეს გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალალა ქაღალდზე რჩება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში, წლებია, არსებობს გაწევრიანების მოდელების სხვადასხვა იდეა.
„ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელების სხვადასხვა იდეა. მათ შორის არის „ორმაგი სიჩქარის“ გაწევრიანების მოდელი, არის განვითარების ტემპებზე დაფუძნებული გაწევრიანების მოდელი. განიხილება ბევრი სხვადასხვა ტიპის მოდელი, რომელთა მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცების კლასიფიკაცია მოახდინოს, არამედ ის, რომ ასპირანტ სახელმწიფოებს გაწევრიანების საშუალება მისცეს. ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. პაპუაშვილს ვურჩევდი, გაეცნოს სამეცნიერო ლიტერატურას ამასთან დაკავშირებით, მათ შორის პროფესორი ჯეიმს ბელამის ნაწერებს და ნაკლებად მოუწევს ისტერიული განცხადების გაკეთება, რაც დღეს გააკეთა.
რუსეთი არის გაწბილებული სომხეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და უნგრეთში განცდილი მარცხით და, როგორც ჩანს, რუსეთის დაკვეთა სულ უფრო მკაფიო ხდება ამ რეჟიმის მიმართ – საერთოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და უკვე ფორმალურად უნდა იქნეს გამოწვეული უკან ისიც კი, რაც ჯერ კიდევ ფარღალალა ქაღალდზე რჩება“, – განაცხადა გეგელიამ.
როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, საკუთრივ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც განსხვავებაა განვითარების თვალსაზრისით.
„ყველა ქვეყანას არ აქვს ინტეგრაციის ერთი და იგივე ტემპი, ეკონომიკური მოცემულობა, რეგიონული განვითარება და სხვა, დისპროპორცია სახელმწიფოთა შორის არის ძალიან მაღალი. არათუ ასპირანტ ქვეყნებში, ევროკავშირის შიგნითაც კი ძალიან დიდი დისპროპორციაა განვითარების თვალსაზრისით. დასავლეთ ევროპას აქვს სხვა დინამიკა, აღმოსავლეთს – სხვა და ა.შ. ამიტომ ასეთი მოდელები, რაზეც ახლა არის საუბარი, წლებია, განიხილება. არაფერი ორიგინალური ამაში არ არის. პაპუაშვილს აწუხებს სხვა რამ – პაპუაშვილს აწუხებს ის, რომ რუსული დაკვეთა უნდა შეასრულოს და რუსული დაკვეთა არის ის, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს საერთოდ არც ერთნაირ წევრად, არც მეორენაირ წევრად ევროპულ კავშირში.
ევროკავშირში გაწევრიანება არ გულისხმობს ყველაფერში საერთო უნიფორმული პოლიტიკის გატარებას. არის რიგი მიმართულებები, უპირველესად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელშიც ევროპული კავშირის წევრებს უნდა ჰქონდეთ საერთო პოლიტიკა. ეს არის ერთი მკაფიო გამოხატულება და ამის გარდა, არსებობს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკები, რა მიმართულებებითაც ევროპული კავშირის სახელმწიფოებს აქვთ ხოლმე ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული პოლიტიკაც და ერთგვარი ე.წ. დევოლუციის პრინციპი. ადგილობრივ ეროვნულ დონეზე განცხადების მიღების ფენომენი კვლავაც არსებობს და არის ძალიან მაღალი. ყველა ქართველი, ვისაც მართლა ადარდებს მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ნორმალური ცხოვრების შანსი, უნდა გამოვიდეს და „ქოცურ“ რეჟიმს უნდა უთხრას უარი“, – აღნიშნა გეგელიამ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. მარტა კოსის კომენტარის საპასუხოდ გეგელიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და არა – ევროკომისარი.
„მარტა კოსი არის აღმასრულებელი შტო. ის არის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში. მსგავსი ტიპის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები ანდა საგარეო საქმეთა მინისტრები. ძირითადად, პრემიერ-მინისტრები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ევროკომისარი ვერ იღებს და არ იღებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას. მას შეუძლია, ისაუბროს კონკრეტულ პრეფერენციულ მოდელზე, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს და, როგორც ჩანს, ეს განიხილება. მთავარი არის სხვა რამე. უკრაინა და მოლდოვა იქ შევლენ ერთი, მეორე თუ მესამე გზით, ჩვენ იქ ვერ შევალთ, ვიდრე „ქოცებს“ არ მოვიშორებთ და პოლიტიკურ სანაგვეზე არ გავუშვებთ. ეს არის განსხვავება“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.