გრიგოლ გეგელია – ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის
ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროკავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ.
„ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი.
16 მარტს ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ „ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პორტი ამოღებული იქნა სანქციის სიიდან, ვხედავთ, რომ ამ განცხადებიდან ოთხი თვის თავზე სანქცირებული იქნა ქარხანა, რომელიც [ვციტირებ] – „რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით არის დაკავებული“.
შესაბამისად, ევროკავშირმა დღეს უკვე ოფიციალურად თქვა, რომ ყულევის ქარხანა რუსული ომის ეკონომიკის ნაწილია და ღიად ამხილა კობახიძის ოფიციალური ტყუილი. ამით კიდევ ერთხელ ზიანი მიადგა საქართველოს, როგორც სანდო და ღირებული სატრანზიტო ჰაბის რეპუტაციას, რაც უარესად ასუსტებს ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. რასაკვირველია, როდესაც კანდიდატი სახელმწიფოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დგება სანქციების რეჟიმის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატობა სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისგან და მიზნისგან.
როგორ აღმოჩნდა საქართველო ასეთ მდგომარეობაში? როგორ მოხდა, რომ დღეს რეგიონში მხოლოდ ერთ დროს ყველაზე პროდასავლური სახელმწიფოა ეჭვმიტანილი რუსული ნავთობის და კრიპტოპლატფორმების შეფარებაში? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველა ქართველმა უნდა დასვას. ნორმალური ხელისუფლების პირობებში საქართველო არ უნდა მისულიყო არც ასეთ სამარცხვინო პოლიტიკურ მომენტამდე და არც ამ სავალალო ეკონომიკურ რისკამდე.
საქართველო უნდა იყოს ევროპისთვის სანდო პარტნიორი, ძლიერი სატრანზიტო ქვეყანა და სახელმწიფო, რომლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სანქციების კონტექსტში კი არ განიხილება, არამედ აღიქმება უსაფრთხო კარიბჭედ, რომელიც ანაკლიის მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის კონტინენტებს. სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ რეჟიმი, რომელიც მუდმივად უდრის საერთაშორისო სირცხვილს, სიღარიბეს, ქართველთა ქვეყნიდან გადინებას და უპერსპექტივობას“, – განაცხადა გეგელიამ.