გრიგოლ გეგელია - ეუთო/ოდირის კვლევა ეფუძნებოდა მწირი წარმომადგენლობის მისიას და ვერ შეძლო, სრულყოფილად აღენუსხა დარღვევების მასშტაბი
გრიგოლ გეგელია - ეუთო/ოდირის კვლევა ეფუძნებოდა მწირი წარმომადგენლობის მისიას და ვერ შეძლო, სრულყოფილად აღენუსხა დარღვევების მასშტაბი

„ქართული ოცნების“ სულისკვეთება არ არის მომართული ამ კრიზისის გადაჭრისკენ. „ქართული ოცნება“ ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს აგრესიული რიტორიკის მეშვეობით უზრუნველყოს ის, რომ ეს კრიზისი არ გადაჭრას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

„ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას მედიაციის გზით. კვლავ ვამბობთ, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა უნდა შესრულდეს, რათა მივიღოთ ადეკვატური გარემო, სადაც აზრი ექნება პოლიტიკის წარმოებას. რომელიღაც ცალკეული მუხლი თუ იქნება განხორიელებული, მაგრამ არ იქნება სხვები, მაშინ ერთიანობა და მთლიანობა ამ დოკუმენტისა და მისი დემოკრატიული შინაარსის ირღვევა, საქართველო ვერ იღებს იმას, რაც უნდა მიეღო ამ ძალიან მნიშნელოვანი ბოიკოტის პროცესის შედეგად. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ სულისკვეთება არ არის მომართული ამ კრიზისის გადაჭრისკენ. „ქართული ოცნება“ ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, აგრესიული რიტორიკის მეშვეობით უზრუნველყოს, რომ ეს კრიზისი არ გადაჭრას. მათ გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ავაყირავებთ ამ მაგიდას და ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ, რომ კრიზისი გადაიჭრას. ჩვენ ველით ამ მოლაპარაკების გაგრძელებას, ჩვენ ვისმენთ ბატონ ბორელისგან, რომ დანიელსონი წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებს. ჩვენ ველით ძალიან დიდი ყურადღებით ამ ინიციატივებს“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი დროულად უნდა გადაიჭრას.

„ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ დასავლური ინსტიტუტები ეყრდნობიან უმთავრესად ეუთო/ოდირის კვლევას. სამწუხაროდ, ეს კვლევა ეფუძნებოდა ძალიან მწირი წარმომადგენლობის მისიას, რომელიც კოვიდპანდემიას უკავშირდება. შესაბამისად, ორგანიზაციამ ვერ შეძლო, სრულყოფილად აღენუსხა ყველა დარღვევა და დარღვევის მასშტაბი. ევროპული კავშირისა და სხვა პარტიების მხრიდან მითითება, რომ ეს კრიზისი უნდა იქნას გადაჭრილი დაუყოვნებლივ და ეფექტიანად, არის ობიექტური მოცემულობა. ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას დროულად და ეფექტიანად, დემოკრატიის წესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გეგელიამ.