გრიგოლ გეგელია – ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაციას, პროცესის დეესკალაციას და იმას, რომ მოლაპარაკებების ფორმატში შედგეს კონსენსუსი საქართველოს პოლიტიკოსებს შორის
გუშინ ევროპული კავშირის ძალიან მკაფიო გზავნილი ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პოლიტიკური კლასის მისამართით. ეს გზავნილი ძალიან ნათელია და ამბობს, რომ საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ჩვენი ევროპარლამენტარი კოლეგების აზრი სრულიად ნათელია, იმისათვის რომ საქართველომ თავისი ამბიციური ასოცირების პროგრამა განახორციელოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„აუცილებელია შესრულდეს მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, იმისათვის რომ საქართველო აღიქმებოდეს, როგორც სერიოზული პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, რაც აუცილებელი საწინდარია, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატობის პრეტენზიით გამოირჩეოდეს 2024 ან თუნდაც 2028 წელს. ამ კვირებზე, ამ დღეებზე და იმაზე, თუ როგორ წავა მედიაციის პროცესი დამოკიდებულია საქართველოს არც მეტი, არც ნაკლები ევროატლანტიკური ინტეგრირების ბედი, შესაბამისად საქართველოს სტაბილურობა. „ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური მომენტი საქართველოს ისტორიაში და გეოპოლიტიკური მომავლის განსასაზღვრად. ამ დროს ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ, რომ ჩვენი ბედი ამ დღეებზე იდგება და რომ დიახ, 16 მარტამდე უნდა იყოს მიღწეული გარკვეული შეთანხმება სწორედ იმ ექვსი პუნქტის ირგვლივ“, – განაცხადა გეგელიამ.
მისი თქმით, ძალიან მკაფიო მესიჯი გაისმა, რომ საქართველოს დემოკრატიას ახლა, როგორც არასდროს სჭირდება განახლება, გადატვირთვა, ახალი მიმართულება და ხედვა.
„ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს მედიაციას, ვემხრობით პროცესის დეესკალაციას და იმას, რომ მაგიდასთან, მოლაპარაკებების ფორმატში შედგეს კონსენსუსი საქართველოს პოლიტიკოსებს შორის. მივესალმებით ბატონი დანიელსონის ვიზიტს, ვთვლით, რომ ესაა ძალიან პოზიტიური მოვლენა, რადგან ის ძალიან გამოცდილი დიპლომატია, მას საქართველოსთან მეგობრობის ძალიან დიდი ისტორია აქვს. არასდროს დაგვიმალავს, რომ გვინდა საქართველოს პარლამენტში ვიყოთ, ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, მაგრამ ჩვენი ბრძოლა იმავე დროს სიმართლისთვისაცაა, რათა სიყალბის კულტურის პარალელურად არ გვიღირს საქართველოს პარლამენტში ყოფნა. ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით არის ყველაზე ევროპული პოლიტიკური კურსი, რადგან ის თავის თავში გულისხმობს გამართულ დემოკრატიას, გამჭვირვალეობას, ადეკვატურ ცესკოს, ახალ საარჩევნო წესებს და იმას რომ თითოეულ მოქალაქეს მართლა ჰქონდეს გავლენა თავისი ქვეყნის პოლიტიკაზე“, – განაცხადა გეგელიამ.