გრიგოლ გეგელია - არის მღელვარება, მესმის, მაგრამ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, მინდა, ყველას ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი, გავერთიანდეთ განურჩევლად იმისა, ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს
გრიგოლ გეგელია - არის მღელვარება, მესმის, მაგრამ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, მინდა, ყველას ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი, გავერთიანდეთ განურჩევლად იმისა, ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს

არის მღელვარება, მესმის, მაგრამ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, ძირითადი მიზანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მე მესმის, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი განსაკუთრებული ექსცესი. ადამიანთა ნაწილს აქვს მღელვარება, ჩემთვის ეს გასაგებია. არ მაქვს პრობლემა, პირიქით, მე ამ ადამიანებს მივიჩნევ თანამებრძოლებად. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის და იქნება კარგად, გარდა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილისთვის. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. მინდა, ყველა ადამიანს ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ვის რა ტაქტიკა გვაქვს ბრძოლის, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. ყველანი ვართ ერთ ბრძოლაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.