გრიგოლ გეგელია – არ დავიშურებთ ძალისხმევას, შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ხალხს

19:00, 29.05.2026

„ძლიერი საქართველო“ მიესალმება საქართველოს ერთგული მეგობრის, კაია კალასის წინადადებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას, საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ არ დაიშურებს ძალისხმევას, შექმნას ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ხალხს“.

„„ქართული ოცნების“ რეჟიმმა დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის მიუღებელი. დღეს სრულიად ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა, საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხი აქციოს მოლაპარაკების ერთ-ერთ საგნად ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმება ნებისმიერი ნორმალური, ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. მეტიც, ეს არის ის, რისთვისაც თვითონ უნდა იბრძოდეს, მუშაობდეს და იღლებოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება. მაგრამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა პასუხად ევროპას მორიგ ჯერზე დაუწყო თითის ქნევა, რადგან ეს არის დავალება, რომელიც მან უნდა შეასრულოს. კობახიძეს, რომელიც გუშინ იმასაც ვერ იხსენებდა, როგორ სცემდა ხარება ადამიანებს საკუთარ მანქანასთან ერთი წლის წინ, დღეს ახერხებს, გაიხსენოს, რომ ათწლეულების განმავლობაში თურმე ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილა მომართული. დიახ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ათწლეულების მანძილზე აფინანსებდა ქართველი ერის განვითარებას, ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის განვითარებას, ის ბიუროკრატია, რომელმაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და მოგვცა შანსი, გადაგვედგა ნაბიჯი კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ, ვიდრე კობახიძის თანაგუნდელები ასობით მილიონით და, ჯამში, მილიარდებით ძარცვავდნენ ღარიბი ხალხის ბიუჯეტს ქვეყანაში, სადაც ბავშვებისათვის წამალს არ ყიდულობენ, მოხუცები კი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ. „ძლიერი საქართველო“ მიესალმება საქართველოს ერთგული მეგობრის, კაია კალასის წინადადებას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული, და შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების  ხელმძღვანელმა, კაია კალასმა 28 მაისს განაცხადა: „ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა, ეს ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია“.

მსგავსი