გრიგოლ გეგელია - ამ ქვეყანას არ უწერია კარგი მომავალი, თუ ვერ შევძელით, რომ მედიაციის საშუალებით გადავჭრათ კრიზისი
გრიგოლ გეგელია - ამ ქვეყანას არ უწერია კარგი მომავალი, თუ ვერ შევძელით, რომ მედიაციის საშუალებით გადავჭრათ კრიზისი

წითელი ხაზებით და წითელი ხაზების ენით საუბრობს „ქართული ოცნება“. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული პოლიტიკური ენით. ვსაუბრობთ იმაზე, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. წითელი ხაზების ენით საუბარს, ვფიქრობ, არანაირი კონსტრუქციული სულისკვეთება არ შეიძლება ახლდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საუბრობს, რა არის დემოკრატიისთვის.

„ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რა ტიპის მოლაპარაკებაში ვართ, რა ტიპის გამოწვევებია, რაზე დავთანხმდებით და რას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენი დემოკრატიული შეთავაზება. თუ „ოცნებას“ სურს ეს კრიზისი გადაიჭრას ამ დემოკრატიულ შეთავაზებასთან უნდა იყოს მათი შეთავაზებები თანხვედრაში. ჩვენთვის წითელი ხაზები არის იმ ძირეული ფუნდამენტური პრინციპების დაუკმაყოფილებლობა, რის გამოც ვართ ეს თვეები ბოიკოტის რეჟიმში. ეს ბუნებრივი წითელი ხაზები არსებობს. მე ჩვენ პოზიციას წითელ ხაზებს არ ვუწოდებ, ამას ვუწოდებ დემოკრატიულ შეთავაზებას. წითელი ხაზები მოვისმინეთ „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერის განცხადებით, ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს, ეს უნდა იყოს ორგანული პროცესის შედეგი და ვერ იქნება წინასწარ განსაზღვრული.

„ეს უნდა იყოს ორ მხარეს შორის მედიატორის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება. ამას პროცესი გამოავლენს. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ. ეს არის ჩვენი კონსტრუქციული სულისკვეთება. მინდა იმედი მქონდეს, რომ სამი დღე იქნება საკმარისი ამისათვის. მაქვს გარკვეული სკეპტიციზმი პირველი რაუნდის შემხედვარეს, თუმცა იმედია, მალე გადაიჭრება ეს პოლიტიკური კრიზისი. ამ ქვეყანას არ უწერია კარგი მომავალი, თუ ვერ შევძელით, რომ მედიაციის საშუალებით გადავჭრათ ეს კრიზისი“, – განაცხადა გეგელიამ.