გრიგოლ ჭელიძე - 26 მაისს თავდაცვის ძალებში შემოგვიერთდებიან ახალწვეულები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან საქართველოს სადარაჯოზე
გრიგოლ ჭელიძე - 26 მაისს თავდაცვის ძალებში შემოგვიერთდებიან ახალწვეულები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან საქართველოს სადარაჯოზე

ძალიან ამაღელვებელი დღეა, რადგან თავდაცვის ძალებში შემოგვიერთდებიან ახალწვეულები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან საქართველოს სადარაჯოზე, – ამის შესახებ პოლკოვნიკმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, გრიგოლ ჭელიძემ განაცხადა.

გრიგოლ ჭელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„როგორც მოგეხსენებათ, 26 მაისს მოსახლეობა ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლისთავს და ზეიმს ვუერთდებით თავდაცვის ძალები. ძალიან ამაღელვებელი დღეა ჩვენთვის, რადგან 463 ახალწვეული უნდა შემოგვიერთდეს ჩვენს ძალებში და ჩვენთან ერთად უნდა დადგეს საქართველოს სადარაჯოზე. ექვს ადგილზე დადებენ ისინი დღეს ფიცს, 288 მათგანი თავისუფლების მოედანზე. ასევე 12 ადგილზე საქართველოს მასშტაბით გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლითაც ჩვენ ვემზადებით და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, ყველას მივულოცო, ვუსურვო წარმატება და გამარჯვება ყოველთვის“, – განაცხადა გრიგოლ ჭელიძემ.

ფიცის დადება დღეს ხუთ ლოკაციაზე მოხდება (175 რეკრუტი და წვევამდელი). ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

ფიცის დადების შემდეგ ხდება ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე აბარებენ პატაკს თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით – ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური,  გრემი, თბილისი.