ოთო გოშაძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს – ტრანსფერი თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
24 წლის მეკარემ „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 1,5-წლით გააფორმა. ოთო გოშაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ასევე უთამაშია „დინამო თბილიში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონსა“ და „თელავში“, შოთა არველაძის მიწვევით ერთი წელი თურქული „ქასიმფაშას“ დუბლშემადგენლობაში გაატარა.
გოშაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი – 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების. აღსანიშნავია, რომ 2013–2016 წლებში საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში სამი შესარჩევი ციკლი ითამაშა, რაც ქართველ მოთამაშეებში რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო დროს თბილისის „ლოკომოტივში“, რომელიც ეროვნული ლიგის აუტსაიდერია, საინტერესო პროცესი დაიწყო – მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე იწკირველი ნიდერლანდელმა ჯონ ვან ლუნიმ შეცვალა. გუნდში დაბრუნდა ყოფილი კაპიტანი, „საბურთალოში“ ზამთარში გადასული თავით უბილავა.