გორში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე თინა ბოკუჩავას გამოსვლის დროს შეხვედრა რამდენიმე მონაწილემ დატოვა
გორში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე თინა ბოკუჩავას გამოსვლის დროს შეხვედრა რამდენიმე მონაწილემ დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას გამოსვლის დროს გორის უნივერსიტეტის დარბაზი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობდა, მონაწილეების ნაწილმა დატოვა.

თინა ბოკუჩავა გენდერულ კვოტირებაზე, ასევე სამპროცენტიან ბარიერზე საუბრობდა და დარბაზში მყოფ აუდიტორიას კითხვითაც მიმართა. ბოკუჩავას გამოსვლას შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა ცინიკური უწოდა და დარბაზი დატოვა.

თავად თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებდნენ.

„დღევანდელ ორივე შეხვედრაზე სუფევდა კომუნისტური პარტიისთვის დამახასიათებელი ერთსულოვნება, სადაც არ იყო ერთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანიც კი. ასეთი ტიპის ფორმატში ჩვენ მონაწილეობის გაგრძელებას ვერ ვხედავთ. ვინც დატოვა დარბაზი, მათ ჰქონდათ პარტიული დავალება მიღებული, რომ მქუხარე ტაშით შეხვედროდნენ არჩილ თალაკვაძის გამოსვლებს. განსხვავებული აზრი გაჟღერდა ჩემი მხრიდან და ამას მოჰყვა ეს რეაქცია. მე წარმოვადგინე პროექტი, რომელზეც 300 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ გამოხატა მხარდაჭერა. მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება ერთ ინიციატივაზე, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს „ქართული ოცნება“, რომელიც კრძალავს საარჩევნო ბლოკების. განსხვავებული აზრის დაფიქსირების დროს ასეთი რეაქცია მივიღეთ იმ აუდიტორიისგან, რომელსაც ეს დავალება ჰქონდა მიღებული „ქართული ოცნების“ მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ასე იყენებს საკუთარ ამომრჩეველს. ხელისუფლება, რომელსაც უწევს ასეთი მოდელირებული შეხვედრების ჩატარება, უკვე დასრულებულია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.