კასპის რაიონში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება
კასპის რაიონში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

კასპის რაიონში, სოფელ ნიგოზას მიმდებარედ ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქარის ახალი ელექტროსადგურის განვითარების კონცეფცია დამტკიცდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული, განახლებადი ენერგოსექტორის დამკვიდრებისკენ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგოსექტორის განახლებადი ნაწილი დღეს ძირითადად ჰიდროსადგურებითარის  წარმოდგენილი, თუმცა, თანამედროვე სამყარო დივერსიფიცირებას მოითხოვს. ამიტომ, თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქარისა და მზის ენერგიის განვითარება.

„კიდევ რამდენიმე ასეთი პროექტი გვაქვს გამზადებული, რომლებსაც თანმიმდევრულად წარმოვადგენთ მთავრობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი ნიგოზას პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია.

„არ გვაქვს ფუფუნება, რომ ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტი ხანგრძლივად გაჭიანურდეს – როგორც იცით, მატულობს მოთხოვნა, დეფიციტი, იმპორტი და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ძალიან სწრაფად განვავითაროთ ჰიდროსადგურები თუ ქარის ელექტროსადგურები. მეორე ფაქტორია, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, განახლებადი ენერგია ჩვენთან არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის და მზის ელექტროსადგურებითაც იყოს წარმოდგენილი. ამ პროექტების დაჩქარება ჩვენი ამბიციაა “, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებულია თურქული კომპანია „ჩალიკი,“ რომელიც კვლევებშიც იყო ჩართული და მასთან  მოლაპარაკებები იგეგმება.

„ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა მაძლევს რწმენას, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.