გორის "ჯიქი" 36:27 რუსთავის "ხარები" | "დიდი 10"-ის პლეიოფი
გორის "ჯიქი" 36:27 რუსთავის "ხარები" | "დიდი 10"-ის პლეიოფი

“დიდი 10”-ის პლეიოფის პირველი შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ჯიქი” რუსთავის “ხარებს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 36:27 დაამარცხა.

დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა – მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე “ხარები” ბასილაიას ლელოთი დაწინაურდნენ. 23-ე წუთზე საპასუხო ლელო ნიკა ბიწაძემ დადო.

ხუთ წუთში სტუმრები საჯარიმო დარტყმით გავიდნენ წინ, რასაც გორელებმა კვლავ ლელოთი უპასუხეს (შენგელია 32′). ტაიმის დასრულებამდე მოქმედმა ჩემპიონებმა ორი ლელო მიიღეს – 36-ე წუთზე თაბუკაშვილმა დაამიწა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე კი რუსთაველების მე-3 ლელო ნარიმანიძემ დადო.

პირველი ტაიმის შემდეგ “ხარები” კომფორტული 8 ქულიანი უპირატესობით იყვნენ წინ – 14:22.

მეორე ნახევარში “ხარებს” დაღლა დაეტყოთ, რითაც ძალიან კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა. ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში “ჯიქმა” ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე კლდიაშვილის ლელოთი შეამცირა. 61-ე წუთზე რუსთაველებმა საკუთარი ლელოს ხაზთან მეტოქის მოლი ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ – 28:22. “ჯიქის” ბოლო ლელო დევსურაშვილმა დადო და მასპინძლებს 11 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

შეხვედრის დასკვნით წუთებში “ხარებმა” თამაშში დაბრუნება ნათელაშვილის ლელოთი მოახერხეს, თუმცა შემდეგ საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა მამუკა ნინიძემ და მატჩის საბოლოო ანგარიში – 36:27 დააფიქსირა.

“დიდი 10”-ის პლეიოფის მეორე შეხვედრაში ხვალ “ბათუმი” და “ლელო” იასპარეზებენ. მატჩი ბათუმში გაიმართება.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი