გორის "ჯიქი" 25:19 "ბათუმი" (ვიდეო)

“დიდი 10”-ის გასავარდნი ფინალი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ჯიქი” “ბათუმს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და მე-7 წუთზე ლელოების ანგარიში გორელების ფრთამ – ირაკლი სვანიძემ გახსნა. ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს – 11:6.

გორის ჯიქმა გადამწყვეტი უპირატესობა მე-2 ტაიმის სტარტზევე, გურამ შენგელიას ლელოს შემდეგ მოიპოვა. შენგელიამ ლელოსთან ახლოს მიიღო ბურთი, ორი მეტოქე ჩამოიცილა და ბურთი ბათუმელთა ლელოში გადადო.

“ბათუმმა” ანგარიშში სხვაობა ბახვა კობახიძის ჯარიმითა და სანდრო ქოიავას (60′) ლელოთი ოთხ ქულამდე შეამცირა, თუმცა 73-ე წუთზე ლელო კვლავ “ჯიქის” კაპიტანმა გუგა შენგელიამ დადო და მასპინძლებს 12 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

თამაშის ბოლო წუთებზე “ბათუმმა” გაიბრძოლა – 80-ე წუთზე ლელო გიორგი გოგიტიძემ მიითვალა და საბოლოო ანგარიში – “ჯიქი” 25:19 “ბათუმი” დააფიქსირა.

“დიდი 10”-ის წინასწარ ფინალში გორის “ჯიქი” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება, რომელმაც დიდ ფინალში გასასვლელი მატჩი ქუთაისის “აია”-სთან დათმო.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე / საქართველოს რაგბის კავშირი