გორის „დილის“ განცხადება – ვაფიქსირებთ ჩვენს პატივისცემას ჯაბა კანკავას მიმართ და ვთხოვთ სადისციპლინო კომიტეტს, წითელი ბარათი გაუუქმოს, ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან #1TVSPORT
გორში „დილასა“ და „დინამო თბილისს“ შორის ეროვნული ლიგის შეხვედრის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე „დილამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას მწვავე რეაქცია მოჰყვა ერთ-ერთი გულშემატკივრის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, რის გამოც დაუპირისპირდა და, საბოლოოდ, მოედნიდან გააძევეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ „დილა“-„დინამოს“ მატჩის ბოლოს მომხდარ სამწუხარო ინციდენტს ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით, გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი უპირობო პატივისცემა როგორც კონკრეტულად ჯაბა კანკავას, როგორც ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ფეხბურთელისადმი, ასევე, ზოგადად, თბილისის „დინამოს“ ყველა ფეხბურთელის და წევრის მიმართ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თხოვნით მივამართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.
თავდაპირველად არ გვსურდა აღნიშნული ეპიზოდზე ასეთი დეტალური ჩაღრმავება, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხს მოჰყვა არაერთი სახის სპეკულაცია, მათ შორის არასპორტულ ჭრილშიც, ამიტომ მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის.
ასევე ვაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში და იგი არ ყოფილა განგრძობითი მთელი მატჩის განმავლობაში. აქვე გვსურს, უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას გადავუხადოთ დიდი მადლობა უშუალოდ ინციდენტის დროს მაღალ დონეზე რეაგირებისა და მაღალი რისკის საფრთხის თავიდან აცილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ ფეხბურთელები სრული შემადგენლობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მივიდნენ აღნიშნულ ტრიბუნასთან, საიდანაც მიიღეს მხოლოდ პატივისცემა და აპლოდისმენტები, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის მხრიდან სწორი ფასეულობების ქონას, ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპის – პატივისცემის დაცვას და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს“, – წერია „დილის“ განცხადებაში.