გორის „დილამ“ ნიგერიელი ლეგიონერი დაიმატა, „იბერიამ“ - ბრაზილიელი #1TVSPORT
ქართულმა გუნდებმა მორიგი ტრანსფერები განახორციელეს – გორის „დილამ“ და „იბერიამ“ გაძლიერება ლეგიონერების დამატებით სცადეს.
„დილაში“ ჩაირიცხა 20 წლის ნიგერიელი ცენტრალური ნახევარმცველი მალიკ ოლატუნჯი. მან კარიერა სამშობლოში, „იმპერიალში“ დაიწყო. შემდეგ ჩეხეთში პრაღის „სლავიას“ 19-წლამდელთა გუნდის მოთამაშე გახდა, მაგრამ ნიგერიაში დაბრუნდა და მცირე ხნით „იკოროდუ სიტიში“ გამოდიოდა. ბოლოს ნორვეგიული „სარპსბორგში“ თამაშობდა.
„იბერიის“ მორიგი ახალწვეული კი ბრაზილიელი ლუკას კაფეა. 22 წლის ვინგერმა კარიერის ძირითადი ნაწილი სამშობლოში გაატარა – თამაშობდა „ბოავიშტაში“, „ინტერ ლიმეირასა“ და სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბში, ბოლოს კი სომხურ „ვანში“ გამოდიოდა.