გორან პანდევი - კოსოვომ გამოგვფიტა, მაგრამ საქართველოსთან მოგებას ვიმედოვნებთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, „ჯენოას“ 37 წლის თავდამსხმელი გორან პანდევი იმედოვნებს, რომ მის გუნდს 14 ოქტომბერს ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსთან მოსაგებად ძალები ეყოფა.
„ყველამ ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანს ექნება შანსი. ნებისმიერ მატჩში 100%-ით ვიხარჯებით, მაგრამ ფეხბურთი ისეთი თამაშია, სადაც არის მეტოქე და გამარჯვება ყოველთვის ადვილი არ არის. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ხვალ ჩვენ გავიმარჯვებთ და პირველ ადგილს დავიკავებთ“, – ამბობს გორან პანდევი.
ბალკანელთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა აღიარა, რომ კოსოვოსთან „ევრო2020“-ის პლეიოფის ნახევარფინალურმა შეხვედრამ და გადამღლელმა სანაკრებო გრაფიკმა გუნდის წევრები გამოფიტა, მაგრამ გამარჯვების იმედს ინარჩუნებს.
„ყველა, ვინც ნაკრების შეკრებაზეა, ბოლომდე დაიხარჯება – იმის მიუხედავადაც, რომ ეს ჩვენთვის 7 დღეში მესამე მატჩი იქნება. კოსოვოსთან მატჩმა ფიზიკურადაც გამოგვფიტა და მორალურადაც, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ხვალ მაქსიმალურად დავიცალოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი გრაფიკით თამაში რთული იქნებოდა, მაგრამ რეალურად ჯოჯოხეთური რიტმი გველოდა“, – აცხადებს პანდევი.
გორან პანდევი კოსოვოსთან შეხვედრისას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი ფიგურა იყო. მან ტალინში ესტონეთთან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ როდესაც ეროვნული გუნდისთვის საქმე კარგად არ წავიდა, პანდევი მოედანზე გამოჩნდა და ისევ ჯოკერის როლი ითამაშა – გაიტანა გოლი, რომლითაც ბალკანელებმა სხვაობა შეამცირეს, მალე კი წონასწორობაც აღადგინეს და ქულა შეინარჩუნეს (3:3).