„გონიოს“ პრეზიდენტი თურქეთში კლუბის შეძენას აპირებს - ამ გზით ჩვენი გუნდიც განვითარდება #1TVSPORT
„გონიოს“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა დავით დოლიძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ თურქეთის რეგიონული ლიგის კლუბის, „არხავისპორის“ აქციების შესყიდვა გადაწყვიტა.
„არხავისპორი“ ართვინის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს. საფეხბურთო კლუბი, დიდი ალბათობით, საქართველოს ლიგა 3-ის ბინადრის, „გონიოს“ პარტნიორი გახდება, რომლის პრეზიდენტი ასევე დავით დოლიძეა.
ცოტა ხნის წინ დოლიძე „არხავი სპორტკლუბის“ პრეზიდენტს, მურატ ჩორბაციო ოღლუს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კლუბის გასხვისება იყო.
მურატ ჩორბაციო ოღლუ, სავარაუდოდ, მოიწვევს „არხავი 08“-ის გენერალურ საბჭოს, ამ საკითხს დააყენებს და კლუბს უახლოეს დღეებში გაყიდის“, – წერია „არხავისპორის“ ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პირველი არხი დავით დოლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქული კლუბის შეძენით „გონიოს“ განვითარებაზე ფიქრობს.
„არხავი სარფთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქია, საიდანაც ჩემი წინაპრები არიან. მსურდა, კლუბის 51 პროცენტის შესყიდვა და დაინტერესდნენ. ამ დღეებში შეიკრიბებიან და საკითხს გადაწყვეტენ. მალე შევხვდებით და „არხავისპორის“ გადმოცემას ოფიციალურად დაადასტურებენ.
ინვესტიციის საფასურად, კლუბის აქციებს სიმბოლურ ფასად დამითმობენ. კარგი ისაა, რომ ამ საკითხის მიმართ თურქეთში მოქნილი დამოკიდებულება აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში კლუბის შეძენა გაცილებით რთულია.
საქართველოში ვფლობ „გონიოს“, რომელიც ლიგა 3-ში გადავიდა. ეს პროექტი ჩვენი გუნდის განვითარებისთვისაც საჭიროა. სამომავლოდ ქართველი ტალანტების წაყვანაზე ვფიქრობ. „არხავი“ ადრე მაღალ ლიგაში თამაშობდა, მას აქვს მშვენიერი ბაზა, 3000-ადგილიანი სტადიონი და სასტუმრო.
„გონიო“ იქ შეკრებას გაივლის, ამხანაგური თამაშებს ჩაატარებს და იმედი მაქვს, ეს პროექტი ჩვენი კლუბის წინსვლისა და განვითარების წინაპირობა გახდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით დოლიძემ.