გომი-საჩხერის გზაზე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გომი-საჩხერის გზაზე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველი, 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: გომი, ვაყა და ნაწილობრივ ალი. აღნიშნული გზა შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა მიწის სამუშაოები, ეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, გზის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.