გოლოვკინი-ალვარესი - დიდი ბრძოლის ანონსი
გოლოვკინი-ალვარესი - დიდი ბრძოლის ანონსი

უახლოესი უქმეების ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა საშუალო წონაში საკრივო ორთაბრძოლაა. საყოველთაო აღიარებით, ეს არის კრივში 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა.

საშუალო წონაში WBA-ის, WBC-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონი, ყაზახი გენადი გოლოვკინი (36 წლის, 38-0-1, 34 KO) მატჩ-რევანშს ჩაატარებს მექსიკელი საულ ალვარესის (28 წლის, 49-1-2, 34 KO) წინააღმდეგ. ბრძოლას ლას-ვეგასი უმასპინძლებს. სწორედ ამ ქალაქში ჩატარდა ამ მოკრივეების პირველი ორთაბრძოლა.

გოლოვკინისა და ალვარესის პირველი შეხვედრა 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართა. მაშინ მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა, ექსპერტთა დიდმა ნაწილმა უპირატესობა გოლოვკინს მიანიჭა.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ყაზახისა და მექსიკელის მატჩ-რევანში ამა წლის მაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ მექსიკელის სისხლში ექიმებმა აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს და “კანელომ” ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელსაც ვადა უკვე გაუვიდა.

ამ პერიოდში, გოლოვკინმა საშუალედო ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელშიც მეორე რაუნდში მოუგო სომეხ-ამერიკელ ვანეს მარტიროსიანს.

16 სექტემბერის ბრძოლაში თამაშდება საშუალო წონის სამი საჩემპიონო ქამარი – WBA Super, WBC და IBO. სამივე გოლოვკინს ეკუთვნის. ყაზახს შეეძლო IBF-ის ტიტულიც ჰქონოდა, მაგრამ უარი თქვა უკრანიელ სერგეი დერევიანენკოსთან ბრძოლაზე.

რაც შეეხება მომავალ ბრძოლაზე პროგნოზებს, როგორც პირველი ორთაბრძოლის წინ, ახლაც აზრი გაიყო. ექსპერტთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გოლოვკინმა მოიგო პირველი ბრძოლა და ახლა, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, მიღებულ გაკვეთილს გაითვალისწინებს და “კანელოს” ნოკაუტში ჩააგდებს.

ალვარესის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ გოლოვკინს ასაკი შეუშლის ხელს, რადგან პირველ ბრძოლაშიც ის სისწრაფეში ჩამოუვარდებოდა უფრო ახალგაზრდა მოწინააღმდეგეს. თან, მექსიკელმა უკვე იცის, როგორ მიუდგეს ყაზახ მოკრივეს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ “კანელო” მექსიკურ პუბლიკას ნოკაუტით გაახარებს.

ბრძოლა 16 სექტემბერს, თბილისის დროით, დილის 7 საათზე დაიწყება.