გოლმა სიმბოლურში შეიყვანა - ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში გამოარჩიეს #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – 27 წლის ქართველი შემტევი საერთაშორისო ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის პორტალმა „სოფასქორმა“ გამოარჩია.
ქართველის გუნდი „ჰატაისპორი“ უშუალო კონკურენტს, „ბეშიქთაშს“ სტამბოლის „ვოდაფონ პარკზე“ დაუზავდა 1:1, თურქული ფეხბურთის გრანდს ერთადერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა.
თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში „ჰატაისპორის“ შემტევ ნახევარმცველს „სოფასქორმა“ 7,4 ქულა დაუწერა. მართალია, ეს ტურის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის ყველაზე დაბალი შეფასება იყო, მაგრამ მის პოზიციაზე გამორჩეული აღმოჩნდა – 3-4-1-2 სქემით შედგენილ გუნდში საბა ლობჟანიძე მარცხენა შემტევის პოზიციაზე იყო.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში ანგარიშზე 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს.