ეფექტური გოლი ჯარიმიდან - ლობჟანიძემ „ბეშიქთაშს“ ისევ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ეფექტური გოლი ჯარიმიდან - ლობჟანიძემ „ბეშიქთაშს“ ისევ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში წარმატებული თამაშების სერიას აგრძელებს – ამჯერად, „ჰატაისპორის“ ქართველმა ლეგიონერმა თურქული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში „ჰატაისპორი“ უშუალო კონკურენტს, „ბეშიქთაშს“ სტამბოლის „ვოდაფონ პარკში“ ესტუმრა. ქართველი შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა, „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიჩი ბაჩუაიმ გახსნა.

„ჰატაისპორმა“ წონასწორობა შესვენებამდე აღადგინა. 42-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ „ბეშიქთაშის“ კარი აიღო – ეს მისთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი გოლი იყო. ქართველის გოლი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა – საბამ საჯარიმო შეასრულა და ბურთი მეკარის ახლო „ცხრიანში“ ჩაახვია. 82-ე წუთზე ქართველი ლეგიონერი შეცვალეს. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ჰატაისპორმა“ 30 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ევროზონას კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში ქართველმა ფლანგის შემტევმა ანგარიშზე მე-8 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია. „ჰატაისპორმა“ სტამბოლელები პირველ წრეში 1:0 ქართველის გოლით დაამარცხა – ლობჟანიძემ ბოლო 2 წელიწადში 3 გოლი მეორე თურქულ გრანდს, „გალათასარაის“ გაუტანა.