გოლი, ასისტი და წითელი ბარათი მიქაუტაძისგან - „მეცი“ „რენთან“ დამარცხდა და ლიგიდან გავარდნას მიუახლოვდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თავადაც გაიტანა და ასისტიც შეასრულა, მაგრამ მაინც ვერ უშველა „მეცს“, რომელი საშინაო შეხვედრაში „რენთან“ დრამატულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრა „მეცმა“ სახლში გამართა, მაგრამ უპირატესობას „რენი“ ფლობდა. თუმცა სურათი მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეცვალა, რომელმაც ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
„რენმა“ 6 წუთში ამინ გუირის გოლით ანგარიში გაათანაბრა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ 45-ე წუთზე „მეცი“ დაწინაურდა და ისევ მიქაუტაძის მონაწილეობით. ქართველმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მოზომოლი გადაცემით კარის წინ პაპე დიალო მოძებნა, რომელმაც მასპინძლები შესვენებამდე 2:1 დააწინაურა.
69-ე წუთზე გიორგის გადაცემით მეკარესთან პირისპირ ისევ დიალო დარჩა, ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ ცარიელი კარიდან ბურთი მცველმა გამოიტანა. „მეცი“ გამოუყენებელი მომენტისთვის სწრაფად დაისაჯა – 73-ე წუთზე მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბენჟამინ ბურიჟომ გოლად გარდასახა – 2:2. 90+3-ე წუთზე კი არნაუ კალიმუენდომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ორ წუთში კალიმუენდომ მიქაუტაძესთან შეჯახება კარგად გააფორმა, არბიტრიც ამას წამოეგო და, ვიდეორეფერიზე გადამოწმების მიუხედავად, ქართველ თავდამსხმელს ძალიან მკაცრი განაჩენი გამოუტანა, წითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო გადამწყვეტ 2 ტურს ქართველი თავდამსხმელი გამოტოვებს.
მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, მაგრამ „მეცი“ მაინც ურთულეს მდგომარეობაშია – ლიგა 1-ში გამართული 32 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-16 ადგილზეა (გავარდნის ზონაშია) და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას.