გოგიტა თოდრაძე -მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა, მდგომარეობა გაუმჯობესებულია
გოგიტა თოდრაძე -მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა, მდგომარეობა გაუმჯობესებულია

მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა, მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით, გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძემ დღეს აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარადგინა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით 2019 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ოთხი თვის საშუალო ზრდა 4.8 პროცენტია.

„ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე მომხმარებლისთვის მომსახურეობის გაწევის სხვადასხვა დარგებში, გარდა ამისა, ტრანსპორტის საფინანსო საქმიანობის და ვაჭრობის სექტორებში. კლების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება მშენებლობისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგებში, თუმცა მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით, გარკვეულწილად, გაუმჯობესებულია“, – აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც მან განაცხადა, საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-აპრილში 18 პროცენტით გაიზარდა.

„იმპორტის მაჩვენებელი ისევ შემცირების ტენდენციითაა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, მინუს 3.1 პროცენტით, თუმცა ექსპორტის მოცულობას დაახლოებით 2.4-ჯერ აღემატება. 2019 წლის აპრილში დარეგისტრირდა 4 300 ახალი საწარმო, აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის მოცულობა 6.2 მილიარდი ლარია“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.