გოგიტა თოდრაძე - მაისში ყველაზე მეტი ზრდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის დარგებში დაფიქსირდა, კლება კი, მშენებლობის სექტორში
გოგიტა თოდრაძე - მაისში ყველაზე მეტი ზრდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის დარგებში დაფიქსირდა, კლება კი, მშენებლობის სექტორში

2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტზე დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

„ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის წარმოება და განაწილება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები“, – განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, კლების ტენდენცია ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის, სამთო მომპოვებითი მრეწველობის, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგებში.

„რაც შეეხება ზრდისა და კლების მიზეზებს, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა განაპირობა ისეთი სახის მომსახურებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობის მატებამ, როგორიც არის უპირველეს ყოვლისა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, რეკლამა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, საინჟინრო მომსახურება, მთარგმნელობითი საქმიანობა და ა.შ.

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოების მოცულობის გაზრდა დაახლოებით 6.6 პროცენტით“, – აღნიშნა თოდრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გაზრდილია საკვები პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობა, მანქანებით, მოწყობილობებითა და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა.

„2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 75 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და მისი მოცულობა თითქმის 60 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში ზრდა განაპირობა ტურისტების რაოდენობის მატებამ. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 18 პროცენტით არის გაზრდილი“, – აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან კლების მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მშენებლობის სექტორში შემცირების მიზეზს წარმოადგენს ძირითადად, შენობების, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მოცულობის შემცირება“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება წარადგინა.