გოგიტა თოდრაძე - აპრილში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგისა
გოგიტა თოდრაძე - აპრილში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგისა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 16.6 პროცენტით, შესაბამისად, პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის აპრილში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქონლის ექსპორტი 2020 წლის აპრილში შემცირდა 28 პროცენტით და 223 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტის მაჩვენებელი კი, 39 პროცენტით არის შემცირებული.

„ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზეც. 2020 წლის აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 93 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა სულ 4.2 მლრდ ლარია – აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით“, – განაცხადა თოდრაძემ.

რაც შეეხება სექტორულ ანალიზს, თოდრაძის თქმით, მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შემცირებასთან. ამასთან, 34 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

ამასთან, მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სასტუმროების, რესტორნების დარგში, რაც განაპირობა უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 95 პროცენტით შემცირდა.

დატოვე კომენტარი