გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა
გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 6.9%-ით განისაზღვრა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დადებითი წვლილის მქონე საქმიანობები იყო ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი.

რაც შეეხება უარყოფითი წვლილის მქონე საქმიანობას, ეს იყო დამამუშავებელი მრეწველობა.

„2023 წელი დაიწყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. პირველ კვარტალში შედარებით მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა. იანვარში 8.4% იყო, თებერვალში – 5.8%, მარტში – 7.3%. პირველი კვარტლის რეალურმა ზრდამ შეადგინა 8%, შემდეგ 7.8%, 5.7%. დღეის მდგომარეობით, 11 თვის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი და ის შეადგენს 6.9%-ს. იანვრის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, წელი დავხუროთ და ვნახოთ, რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა. სხვა ქვეყნებში შემდეგი მდგომარეობაა: აზერბაიჯანში 11 თვის საშუალო მაჩვენებელია 0.8 %, სომხეთში 10 თვის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.2%-ს. თურქეთში ცხრა თვის მაჩვენებელი 4.6%-4.7%-ის ფარგლებშია. რუსეთში ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელია 2.8% და ბელარუსში 11 თვის საშუალო მაჩვენებელი – 3.8%.

დადებითი ტენდენციის მიმართულებით აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა და ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, გასული თვეების განმავლობაში და პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, ნეგატიური ტენდენციები შეინიშნებოდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. მოგეხსენებათ, ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელიც შემცირდა გასული თვეების განმავლობაში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.