გოგიტა თოდრაძე - 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველად გვაქვს საქართველოს ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა
დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უკვე ერთწლიანი ვარდნის შემდეგ ფაქტობრივად პირველად სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა, თუმცა, 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი კვლავ მინუს ნიშნითაა და შეადგენს -4.2 პროცენტს, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა გაიზარდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება ძირითადად შეინიშნებოდა მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ასევე სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში. 2021 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 5.2 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა შემცირებულია 2.4 პროცენტით. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 31 პროცენტით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 18 პროცენტით. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5 291 ახალი საწარმო, რაც 118 პროცენტით, ანუ დაახლოებით 2.2-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 22 პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და თითქმის 8 მლრდ ლარს გაუტოლდა“, – განაცხადა თოდრაძემ.
თოდრაძის თქმით, საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის გაცემულ გრძელვადიან სესხებთან.
„ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდება მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებას, დაახლოებით 29 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. გაზრდილია ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, ბენზინით და დიზელის საწვავით, სამშენებლო მასალებით, შავი და ფერადი ლითონებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ტანსაცმლით. ამასთან 31 პროცენტით გაიზარდა ბუნებრივი აირის, ხოლო 10 პროცენტით ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების მოცულობის გაფართოებასთან. უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში ზრდის ტენდენცია დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების იჯარით გაცემით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში, გასულ თვეებთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც დაკავშირებული იყო როგორც სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ისე შედარებით გაზრდილი მოცულობით ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.
მისივე თქმით, მშენებლობის სექტორში კლება შეინიშნებოდა როგორც შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით, შესაბამისად შემცირებულია სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობა.
„ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორები კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება. გარდა ამისა, კლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული ობიექტების შემოსავლების შემცირება. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში კი კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება ქვიშოვანი და ღორღიანი კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობის შემცირება“, – განაცხადა თოდრაძემ.