გოგიტა თოდრაძე - 2021 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა
გოგიტა თოდრაძე - 2021 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

2021 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა, აქედან გამომდინარე, ცხრა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 11.3 პროცენტი, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის სექტორის გარდა, სადაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.

„განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროების და რესტორნების სექტორებში“, – აღნიშნა საქსტატის ხელმძღვანელმა.

ამასთან, 2021 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 24 პროცენტით. ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 26 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 22 პროცენტით.

თოდრაძის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4 160-მდე ახალი საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს ექვსი პროცენტით აღემატება. 24 პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 9 500 000 000 ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, თოდრაძის განმარტებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე შესაბამისი მომსახურებისა და მოცულობის ზრდასთან. თუმცა, გარდა ამისა ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლის ზრდის კვალდაკვალ გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.

საქსტატის ხელმძღვანელის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან და ქიმიური წარმოების მოცულობის გაფართოებასთან.

როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების მიმართულებით, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაახლოებით ორჯერ და მეტად არის გაზრდილი აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი და ცხრა პროცენტით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტი.

საქსტატის ხელმძღვანელის თქმით, ენერგეტიკის სექტორში შეინიშნებოდა ასევე ზრდა.

„ზრდის მიზეზად სახელდება ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მიერ, კერძოდ 49 პროცენტით არის გაზრდილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, საფინანსო სექტორში, წინა თვის ანალოგიურად ზრდის გამომწვევ მიზეზად კვლავ სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობასთან.

როგორც საქსტატის დირექტორმა აღნიშნა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაზეც მისი თქმით, გარკვეული გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ.

„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მაჩვენებელი უკვე რამდენიმე თვეა, მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 226 000, მაშინ, როდესაც წინა წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 50 000-51 000 ფარგლებში იყო“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის სექტორში.

„შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, იატაკის დაგება, კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ა.შ.​“, – აღნიშნა საქსტატის დირექტორმა.