გოგი მეშველიანი - კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან რვა ბოლნისის მუნიციპალიტეტშია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანის ინფორმაციით, დადასტურებული რვა შემთხვევიდან ხუთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არიან, ხოლო სამი ამ დრომდე დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების კონტაქტია.
„დღეს რვა ახალი შემთხვევა დაგვემატა, მათ შორის ხუთი გახლავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი კონტაქტების შესწავლა და მოკვლევა, ყველა ის პირი, რომელიც გამოვლინდა მათთან ახლო კონტაქტებში, გადაყვანილია თვითიზოლაციის რეჟიმში, თუმცა ექიმების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს კონტაქტები საკმაოდ დიდია და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ყველა კონტაქტი იქნას დადგენილი. ამასთან, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი თავდადებისთვის, მაღალპროფესიული მუშაობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მისივე თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, ვითარება სტაბილურია.
„მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება, მიუხედავად ამ შემთხვევებისა, სტაბილურია. ჩვენი სასწრაფო დახმარება მეზობელი მუნიციპალიტეტის რესურსების ხარჯზე აგრძელებს მუშაობას. ანუ მეზობელი მუნიციპალიტეტის ბრიგადები მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ცენტრალურ კლინიკას პირდაპირი შეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან არ ჰქონია, რადგან იქ თავისი უსაფრთხოების წესები მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლინიკაც სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება სამ შემთხვევას, ისინი არიან მუნიციპალიტეტის სოფლიდან, ერთ-ერთი წინა შემთხვევის კონტაქტებია. მათგან ორი გახლდათ კარანტინში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.