გოგი მეშველიანი - არჩევნებში ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, როგორც თეთრიწყაროსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის
თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, თითოეული თეთრიწყაროელის, ამ არჩევნებში ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ როგორც თეთრიწყაროსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროში წარდგენაზე.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს თეთრიწყაროში არსებული პოტენციალის რეალიზებისთვის.
„ძალიან დიდი ისტორიული ქარტეხილები ახსოვს თეთრიწყაროს მიწას. ბევრი ისტორიული ძეგლია მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი უნიკალურ ბუნებასთან, განუმეორებელ ჰავასთან ერთად, სწორედ თეთრიწყაროს დიდ პოტენციალზე მეტყველებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ პოტენციალის რეალიზება მოხდეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს. თეთრიწყაროს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადგილობრივი საზოგადოებაა, რომელიც ყოველთვის, ყველა ისტორიულ მომენტში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი ნათელი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.
მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩვენი მოსახლეობა ათწლეულები არ უნდა ელოდებოდეს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, სოფლამდე გზის მიყვანას, წყალმომარაგების საკითხების გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა – ძალიან დიდი რესურსებია საჭირო ამ საკითხების მალე მოსაგვარებლად, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით თეთრიწყაროში დიდი საქმეებია დაწყებული.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტია დაფინანსებული, მათ შორის 60-მდე ბიზნესის გაფართოების მიზნით. მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირების ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ღირებულება 11.5 მილიონ ლარს აღემატება. მერწმუნეთ, ეს ძალიან სასარგებლო პროექტი იქნება მანგლისის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება მანგლისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირების სამუშაოები და როგორც კი, კლიმატური პირობები შესაძლებლობას მისცემს შესაბამის ფონდებს, მშენებლობა დაიწყება. რვა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები დაიწყება გოლთეთის, წინწყაროს, ქოსალარის, დურნუკისა და ხაიშის მიმართულებით. დაახლოებით 3 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ჯორჯიაშვილის და ბოგვის მიმართულებით. რატომ ვუსვამ ხაზს კონკრეტულად ამ პროექტებს? რადგან თითოეული მათგანი მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. რათა თქვენი ცხოვრება აქ უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს. უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდეს თეთრიწყაროში და უფრო მეტად შევძლოთ ჩვენ ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება. რა თქმა უნდა, ყველა ამ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, სჭირდება ჩვენი, როგორც საპარლამენტო გუნდის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების, სამთავრობო გუნდის, ადგილობრივი საზოგადოების – თითოეული ჩვენგანის გაერთიანებული ძალებით მუშაობა. მთავარი ამოცანაა ჩვენი კონსოლიდაციის საკითხი, რათა შევძლოთ ამ არჩევნებში იმ შედეგის ჩვენება, რომელიც ჩვენმა გუნდმა თავისი მუხლჩაუხრელი შრომით დაიმსახურა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.