გოგი ხოშტარია - მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს, სულერთია, რა ვალუტაშია, რუბლებში, დოლარში, ევროში თუ ფუნტებში
გოგი ხოშტარია - მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს, სულერთია, რა ვალუტაშია, რუბლებში, დოლარში, ევროში თუ ფუნტებში

მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ საეჭვო ფულს არ ვიღებ, შენ დამიმტკიცე, რომ საეჭვო ფულია, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის არ იღებს რუსულ ფულს, არამედ იღებს სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს.

კითხვაზე, სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიდან ჰონორარს 1994 წლიდან იღებს როგორც მისი მემკვიდრე და რატომ გახდა ეს საკითხი ახლა საჯარო განხილვის საგანი, გოგი ხოშტარიამ განაცხადა, რომ „როდესაც ელენე ხოშტარია სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს, მათ ეს არ მოეწონათ“.

„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც არ უნდა იყოს, ის არის სოლიკოს ფული, რომელსაც არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. რატომ უნდა დარჩეს რუსეთს ფული. ეს ბიძაჩემის ფულია, ეს არ არის რუსის ფული. მე და მანანა ხიდაშელი თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. მე და ჩემმა მეუღლემ ამ ფულით აჭარაში, ბათუმში ვიყიდეთ პატარა ბინა, ორი ოთახია. შვილიშვილებისთვის ვიყიდეთ, სადაც ჩავა ცხრა შვილიშვილი. მქონდა ამის თანხა კანონიერად“, – აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.