გოგა სათამაშოდ მზადაა - კარლაილმა და დუარტემ ბითაძეზე ილაპარაკეს [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძემ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად „ინდიანა პეისერსის“ მარცხისა, გოგა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მაილს ტერნერის არყოფნით ისარგებლა. ბითაძემ 17 ქულა დააგროვა, რაც მისთვის NBA-ში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზე ასევე 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარებაა.
„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა პრესკონფერენციაზე წაგებული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა და ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ გოგა ბითაძის თამაშიც შეაფასა.
„გოგა შესანიშნავი იყო. პირველ მეოთხედში გვიჭირდა, რის შემდეგაც ის ოშეი ბრისეტთან და ლენს სტივენსონთან ერთად პარკეტზე გამოვიდა და ამ კალათბურთელებმა გამოგვაფხიზლეს. სათადარიგო სკამიდან ყველა კარგი იყო, ბრისეტს +/- მაჩვენებელი -1 ჰქონდა, რაც ასეთ მატჩებში ძალიან კარგია (ბითაძეს +17 ჰქონდა). გოგამ ბევრი დადებითი რამ გააკეთა – ის კარგად ხსნის ბურთს, კარგად გრძნობს მატჩს და როცა თამაშობს ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მოძრაობა და გაცვლები უყვარს, ყოველთვის მშვენივრად ართმევს თავს, რადგან სწრაფად გადაადგილდება, აკეთებს პასს, აყენებს ბლოკებს და ბურთის ჩაგდების უნარიც აქვს – ამ მატჩში მან სამქულიანიც გამოიყენა. გოგა მზადაა სათამაშოდ.“
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრის შესახებ კრის დუარტემაც ილაპარაკა.
„გოგამ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რაც მას მიეცა. ის ძალიან კარგი იყო – ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა და ჩვენც სწორად ვიქცეოდით, რომ პასს ვაძლევდით. ის შესანიშნავი კალათბურთელია, უკეთესი გახდება და გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს.“
გოგა ბითაძის თამაშს ამერიკული მედიაც გამოეხმაურა. გამოცემა Indystar წერს, რომ „პეისერსის“ ნათელი წერტილები „კლიპერსის“ წინააღმდეგ გოგა ბითაძე და კრის დუარტე იყვნენ.
„ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას 20 იანვარს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს და იმედია, გოგას შანსი იმ მატჩშიც მიეცემა.