გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - იმოძრავებთ ორ ზოლში, მხოლოდ ორ ზოლს ვაფერხებთ, სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძის ბლოკირება დაუშვებელია
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც „თბილისი მოლისკენ“ მსვლელობით მიემართებიან, განუმარტა, რომ მხოლოდ ორ ზოლში შეძლებენ სიარულს.
მისივე თქმით, გზა არ გადაიკეტება, რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის გზის ბლოკირება არ შეიძლება.
„გზა არ დაიკეტება, იმოძრავებთ ორ ზოლში, როგორც შევთანხმდით. მანქანების გზას არ ვაფერხებთ იქით მხარეს, მხოლოდ ორ ზოლს ვაფერხებთ, შსს-ს განცხადებას ხომ გაეცანით? იცით ხომ ცვლილების შესახებ? ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის, რომლის დაკეტვა, ბლოკირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გეხმარებით, ოღონდ იმ ზოლებს არ ვითვისებთ. ეს არ არის რუსთაველის გამზირი, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძი. აქედან გამომდინარე, ამ გზის ბლოკირება დაუშვებელია“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, ასევე ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. „თბილისი მოლთან“ აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან მიემართებიან. ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.