გოგა ხაინდრავა - საქართველომ პირველად გაბედა და განაცხადა, რომ ხალხის ინტერესი ყველაზე მაღლა დგას, ეს არის საბაბი, რის გამოც ჩვენს სუვერენიტეტს ვერ ეგუებიან
გოგა ხაინდრავა - საქართველომ პირველად გაბედა და განაცხადა, რომ ხალხის ინტერესი ყველაზე მაღლა დგას, ეს არის საბაბი, რის გამოც ჩვენს სუვერენიტეტს ვერ ეგუებიან

308 ევროდეპუტატი, როდესაც ხმას მისცემს რეზოლუციას, სადაც სიცრუე წერია, ისე რომ არც წაიკითხავს, არ დაინტერესდება, რა არის სიმართლე, ეს მეტყველებს, რომ სოკრატესა და დემოკრატიის მკვლელობა გრძელდება, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტი კლავს სიმართლეს.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის მუშაობას და საქართველოსადმი დამოკიდებულებას. ჩვენთვის ესეც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან უნდა გვესმოდეს, საით მივდივართ, ვისთან გვაქვს საქმე. ხშირად გვესმის, განსაკუთრებით „ტელესაროსკიპოებიდან“ ამა თუ იმ ადამიანებისადმი მიმართვა, რომ ვიღაც პროდასავლელია, პროევროპელია. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და პროევროპელები, პრო-ები არიან სალომე სამადაშვილი, ზურაბ შარვალჩახდილი ჯაფარიძე, ლაკა ხოშტარია. ისინი არიან „პრო“, ჩვენ უბრალოდ ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ იმ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელები, მთელი 2 000 წლის განმავლობაში განსაცდელის მტვირთავები, რომელიც ამ კონტინენტმა გამოიარა, რათა ის ფასეულობები დამკვიდრებულიყო, რასაც ქრისტიანული ფასეულობები ჰქვია. არაფერი სხვა, გარდა ქრისტიანული ფასეულობებისა, არც ევროპულ და არც დასავლურ კულტურას საფუძვლად არ აქვს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ფსევდოლტოლვა ევროპისკენ, რომელზე საუბრობენ, ისეთივე ფიქციაა, როგორიც დემოკრატია, რომელიც ჰეგემონებმა ფარად გამოიყენეს, რათა სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები განეხორციელებინათ.

ხაინდრავას განცხადებით, დემოკრატია 2 500 წლის წინ ათენში დაიბადა და სოკრატეს მკვლელობასთან ერთად, მოკვდა მაშინ, როდესაც 500 დეპუტატიდან 280-მა ხმა მისა სოკრატეს, ანუ სიმართლის მკვლელობას.

„ერთადერთი, რასაც სოკრატე ემსახურებოდა, სიმართლე იყო. ევროპარლამენტი დღეს სიმართლეს კლავს. მინდა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელსაც წარმოადგენს ევროპარლამენტი და რა არის ევროპა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, რომლის ნაწილიც ყოველთვის ვიყავით. ერთი არის ჭაობი და მეორე არის სიდიადე კულტურის, რომლის ნაწილიც ვართ. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ჯერ კიდევ სულხან-საბადან მოყოლებული, ეს ბიუროკრატია ჩვენ არაფრით გვგუობდა. დღესაც ასეა, ვერ გუობს ჩვენს დამოუკიდებლობას, ღირსებას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს უნდა გვესმოდეს, ეს ტრაგედია არ არის. თუ ჯანსაღი გზით, აზროვნებით დავრჩებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ევროპელი გახრწნილი ბიუროკრატების სიყვარულს იმსახურებდე. ვერ დაიმსახურებ, რადგან მაგალითად კუბილიუსს, ვინც დღეს ანტიქართული მოქმედების სიმბოლოა, ასევე, სხვადასხვა დეპუტატებს, გელერს, გლუკსმანს, ეს ქვეყანა სძულთ. თავადვე პოლიტიკურად გარყვნილი ადამიანები არიან, ასე იყვნენ ყოველთვის. იმ დროს, როდესაც ვილნიუსში საბჭოთა ჯარები უტევდნენ პატრიოტებს, ვილნიუსის ტელევიზიას, ვილნიუსს, როგორც საზოგადოებას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიილტვოდა, კუბილიუსი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პარტიის წევრი იყო. დღეს ის ღირებულებებზე გველაპარაკება, რომელიც თავად არ გააჩნია და არც არასდროს გააჩნდა.

ყველაზე დიდი პრობლემა გლუკსმანებისთვის, კუბილიუსებისთვის, გელერებისთვისაა, კრამონებისთვის არის ის, რომ საქართველომ პირველად თავის დამოუკიდებლობის პერიოდში, გაბედა და განაცხადა, რომ ხალხის ინტერესი ყველაზე მაღალი ინტერესია, ქართული ხელისუფლების დავალება მხოლოდ მისი მსახურებაა და არა იმ ქვეყნების მსახურება, რომლებიც ჩვენთან თავიანთი ინტერესების განხორციელებას ცდილობენ. ეს არის ყველაზე დიდი საბაბი, რის გამოც ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას ვერ ეგუებიან. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩვენ გვესმის, რომ განსაკუთრებული სიყვარული, მეგობრობა და პარტნიორობა აქვთ სხვა ქვეყნებს, ეს არის ქიმერა, რეალობას არ შეესაბამება. ჩვენ ყველა ნაბიჯზე ვხედავთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა იმ მიმართულებით, რა გეზიც ავიღეთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.