გოგა ხაინდრავა - ევროკავშირი დღეს ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას, მისი მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას
გოგა ხაინდრავა - ევროკავშირი დღეს ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას, მისი მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განაცხადებით, ახლა განსაკუთრებით ევროკავშირისთვისაა ისტორიული მომენტი, რადგან სერიოზული არჩევანის წინაშე დგას აღნიშნული გაერთიანება, რომელსაც 50 წლის წინ საფუძვლად დაედო ისეთი ფასეულებები, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, სამართლიანობა, კანონიერება.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დგას და მისი მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას.

„იმას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და რისი მომსწრენიც გავხდით რამდენიმე დღის წინ, ვგულისხმობ ევროკავშირის საპარლამენტო ინსტიტუტს, ამ დაწესებულებას და მასში მოღვაწე ადამიანებს, 308 დეპუტატს, რომლებმაც ავადხსენებულ რეზოლუციას მისცეს ხმა, არანაირი კავშირი არ აქვს იმ ფასეულობებთან, რაც ევროკავშირს უდევს საფუძვლად“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია დაფუძნებულია სიცრუეზე, ცილისწამებაზე, კანონის უგელებელყოფასა და უამრავ ისეთ მანკიერებაზე, რაც არანაირად არ ეკადრება გაერთიანებას, რომელსაც ევროკავშირის სახელით ვიცნობთ.

„ევროპა და ევროპული პოლიტიკური ელიტა, ანუ ევროპული ბიუროკრატია, არაფერ კავშირში არაა ერთმანეთთან, სხვადასხვა ცნებაა და ჩვენ რატომღაც მოგვიწოდებენ, ევრობიუროკრატიულ ელიტაში შევიდეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ცნობიერებაშია, რაც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის ნათელი მაგალითი არის პოლიტიკური გაერთიანება EPP – „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც იყო ამ სიცრუით გაჯერებული რეზოლუციის ინიციატორი. რას წარმოადგენს თავად EPP, ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ ძალიან ახლო წარსულით, როცა მათი თავმჯდომარე, ვინმე პედრო ადრამუნტი, რომელიც აქ ჩამოდიოდა და კაციჭამია მერაბიშვილს პოლიტპატიმარს ეძახდა, რამდენიმე ხანში აღმოჩნდა კორუფციულ სკანდალში ჩათრეული, ის და 28 დეპუტატი. იმის გამო, რომ კორუფციაში იყვნენ ჩაბმული, ევროპარლამენტიდან სამარცხვინოდ გასვლა მოუწიათ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავას განმარტებით, ქართული საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ევროპულ ბიუროკრატიულ ელიტას და ევროპის ცნობიერებას შორის არანაირი კავშირი არ არის.

„საქართველო 2 000 წელიწადია, ევროპის ცნობიერების გზას მიუყვება. მართალია, გაჭირვებით, დიდი განსაცდელით, დიდი ომებით და სისხლისღვრით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს უღალატია ამ ცნობიერებისთვის. ამ ჭინკების, ვინც დღეს ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკება, ღირებულებები არის EPP-ის ღირებულებები და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, რაზეც დაფუძნებულია ევროპა. ძალიან დიდი გამოცდა ელის ევროკავშირს იმ ომთან და რუსეთთან ურთიერთობაში, რადგან აქაც სიცრუით გაჯერებული ატმოსფეროა. ერთი მხრივ, EPP-ის წევრები მოგვიწოდებენ, შევუერთდეთ სანქციებს და მეორე მხრივ, რუსეთისგან ისეთი რაოდენობის ენერგომატარებლებს ყიდულობენ, რაც აქამდე მათ ურთიერთობას არ ახსოვს. ესაა ასეულობით მილიარდი დოლარის ენერგომატარებლები, თან, ყვირიან, რომ უნდა შეამცირონ. პირველ ნაწილში, ომის დაწყებიდან მოუწოდებდნენ უკომპრომისობას უკრაინას, დღეს უკვე როგორც ამ გაერთიანების, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, ტერიტორიების რა ნაწილის დათმობად დაუჯდება მშვიდობა უკრაინას.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში მორალი დაცემულია ნულამდე. ერთს ლაპარაკობდე, მეორეს აკეთებდე, მესამეს მოუწოდებდე და მეოთხეს ითხოვდე სხვადასხვა ქვეყნისგან, იმისდა მიუხედავად, ვინ რამხელაა და ვის რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ეს უსამართლობაა. უსამართლობა ვერასდროს იქნება ევროპული ცნობიერება. საქართველომ არჩევანი გააკეთა. ჩემი აზრით, იმ ეპოქაში, რომელშიც მე მომიწია ცხოვრება, ეს არჩევანი არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ჩვენთვის, როდესაც მსოფლიოს განუცხადა, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები, ამ ხალხს აქვს უნარი, ეს ინტერესები გაატაროს, მიუხედავად იმისა, რამდენად შეესატყვისება ეს ინტერესები იმ ჰეგემონ სახელმწიფოებს, რომლებსაც სხვა ინტერესები აქვთ. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია და ვფიქრობ, როგორც არასდროს, ქართული საზოგადოება უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. დამოუკიდებლობის შემდეგ 30 წელი გავიდა და ჩემი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ასეთი განცხადება არ მახსოვს. ეს მეტყველებს, რომ გავიზარდეთ და მოვმწიფდით, რათა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ისე გავერთიანდეთ, რომ საკუთარი ღირსება არ დავკარგოთ.

ის ქიმერა, რომელიც შემოაგდეს და ძირითადად „იპიპისტების“ პოლიტიკოსებისგან მოდის, რომ რაღაც კანდიდატობაა. ეს კანდიდატობა გაუგებარი, არაფრისმთქმელი ფორმაა, რადგან ან უნდა იყო კავშირის წევრი ან არ იყო. კანდიდატი სპორტში გამიგია. შეგვიძლია, მარტივად დავასკვნათ, რას ნიშნავს რეალურად ეს კანდიდატი. თუ შევხედავთ თურქეთს, რომელიც 30 წელია, კანდიდატია და არაფრით დაადგა საშველი იქ შესვლას, ისევე როგორც ბალკანეთის ქვეყნებს, ეს მოგონილია იმისთვის, რომ საკუთარი უსუსურობა გადაფარონ იქ, სადაც სიმტკიცეა საჭირო. საქართველომ გაბედა და არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც მას აიძულებდნენ, ჩვენ გვაიძულებდნენ ომში ჩართვას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.