გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს
გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს მიმართავს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებები ზოგჯერ თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან.

ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საელჩოს განცხადება ელჩის პოზიციასაც წარმოადგენს.

მისივე თქმით, როცა განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს გარემოება საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობას ქმნის.

„ქალბატონი ელჩის განცხადებები ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სხვა ქვეყნის შესახებ საუბრობს, და ეს თანხვედრაში არ არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში არსებულ რეალობასთან. საელჩოს განცხადება ელჩის პოზიციასაც წარმოადგენს და მისი თანხმობის გარეშე არ კეთდება. დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი განცხადებები, არ არის განკუთვნილი მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ამ განცხადებებს ქართველი საზოგადოებაც ეცნობა; ამიტომ როდესაც განცხადება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს გარემოება საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობას ქმნის.

ჩვენთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დასაყრდენია; რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა, კაცმა არ იცის დღეს საქართველო იარსებებდა თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ სამეზობლოს გადამკიდე, რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა. წარსულზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, დღევანდელი რუსული იმპერიალიზმის ფონზე, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს, ჯიჯგნის და ანაწევრებს ჩვენ სამშობლოს, აშშ-სთან მეგობრობა, მისი ძლიერი მხარდაჭერა, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ,  სამხედრო, ეკონომიკის, პოლიტიკის თუ ნებისმიერ სხვა სფეროში გვიქმნის  განცდას, რომ ამერიკის სახით გვყავს ძლიერი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა ემყარება სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპებს.

აშშ როგორც დემოკრატიის ფლაგმანი მსოფლიოში, ამ პრინციპების დეკლარირებას ახდენდა ჯერ კიდევ მისი დამფუძნებელი მამების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან დღემდე. ეს არის ჩვენი არჩევანის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, საფუძველი და იმედი.

აშშ-ი ჩატარებულმა უკანასკნელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როგორც ამერიკაში ისე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, აშშ-ში ამჟამად მოქმედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფოსტით მიცემულ ხმების პრაქტიკასთან და მის შედეგებთან მიმართებით. კრიტიკული მსჯელობა ამ თემებზე ამერიკის მედიაში და საზოგადოებაში, მეტიც სარჩელების სასამართლო განხილვა, არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სხვადასხვა შტატებში დღემდე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ საკითხებზე თავად აშშ-ში, მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც საქართველოს საელჩო ვაშინგტონში და არც რომელიმე სხვა ამერიკის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის საელჩო, არ აკადრებდა არც ამერიკის სენატს, არც კონგრესს, არც უზენაეს სასამართლოს, თუ რომელიმე შტატის საკანონმდებლო ორგანოს, რომ მათ მიერ მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამ ტიპის ეპითეტებით მოეხსენიებინა (ვციტირებ აშშ-ს საელჩოს განცხადებას): „პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება…ძირს უთხრის…ეს არის კიდევ ერთი! არასაჭირო ნაბიჯი…და ა.შ. “, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ამასთან, გოგა ხაინდრავა განმარტავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, კორექტულობის და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს გულისხმობს.

„დიპლომატიური ეთიკის დასაშვები საზღვრები როცა ირღვევა და  მეგობრული რჩევები დირექტივების სახეს იძენს, ეს გარემოება ჩვენში წარსულის მძიმე ასოციაციებს იწვევს, განსაკუთრებით ჩემი თაობის წარმომადგენლებში.

დემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი, გამოხატოს თავისი პოზიცია, ანდა რჩევა მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, თუ სახელისუფლო შტოს, ნებისმიერ საკითხზე. ბუნებრივია, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებსაც ეხება,  თუმცა ეს ყველაფერი დიპლომატიური ეტიკეტის საზღვრებში უნდა დარჩეს.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი და ესა თუ ის პოზიცია მთელი ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით სარგებლობდეს, განსაკუთრებით ამ უაღრესად რთულ და სახიფათო დროში. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ  რუსეთის იმპერიის აგრესიული ქმედებების წინაშე და ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო სქართველოს და უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და მსოფლიოს.

უკანასკნელი მოვლენები, განსაკუთრებით ავღანეთში, ცალსახად მიუთითებს მსოფლიოში  აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის მოშლაზე. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, შეეხოს ერთი მსოფხედველობის და მისწრაფებების მქონე ქვეყნების ურთიერთობას, რასაც პირველ რიგში ამ ქვეყნების საზოგადოებების რწმენა განაპირობებს, რომ დემოკრატია, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა და სტრატეგიული პარტნიორობა არ განისაზღვრება ქვეყნების სიდიდით, ანდა ეკონომიკური, თუ სამხედრო სიძლიერით. უფრო მეტი დაკვირვება და დაფიქრება გვმართებს ყველას, რომ ერთმანეთის რწმენა არ დავკარგოთ და ნებსით თუ უნებლიეთ ზიანი არ მივაყენოთ, როგორც პარტნიორი, ისე საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“, – აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.

შეგახსენებთ, 18 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას.