გოგა ჩაბრაძე - ბათუმის სტადიონზე უკეთესი საფარია, ვიდრე შვედეთსა და საბერძნეთში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა #1TVSPORT
ბათუმის ახალ სტადიონზე 8 მაისს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მთავარი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდება – ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის მეორეადგილოსანი მოქმედ ჩემპიონს და ლიდერს მიიღებს.
ამაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბათუმის ახალი სტადიონი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, სადაც ბათუმის „დინამომ“ უკვე ითამაშა, მაგრამ საფარს მთელ პარამეტრზე მზის სხივი ვერ წვდებოდა და შესაცვლელი გამოდგა. მის ნაცვლად კი ანალოგიურ ვითარებაში აპრობირებული ჰიბრიდული საფარი დააგეს.
ბათუმის „დინამომ“ თბილისელებთან მატჩამდე ახალ საფარზე უკვე ივარჯიშა – საქართველოს ნაკრების მცველმა გოგა ჩაბრაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ საფარი იდეალურია და რომ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
„მოკლედ ვიტყვი – ბათუმის ახალ სტადიონზე იდეალური საფარია. ასეთ მოედანზე ნაკრების თამაშებიც არ ჩამიტარებია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შვედეთში სტოკჰოლმის სტადიონზე ვითამაშე, მერე საბერძნეთში, სალონიკის „ტუმბა არენაზეც“ ვიყავი და გადაუჭარბებლად ვიტყვი – პირადად მე ორივე ამ სტადიონის საფარს ბათუმის მინდორი მირჩევნია. სალონიკში ფეხი სრიალებდა, შვედეთშიც ახალი საფარი იყო და ბათუმის ბევრად მომეწონა. შევედი სავარჯიშოდ და ძალიან მესიამოვნა, ხავერდოვანია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოგა ჩაბრაძემ.
საქართველოს ნაკრების მცველის თქმით, ასეთი საფარი ეროვნულ ლიგაში თამაშების ხარისხზე დადებითად აისახება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საფარზე უფრო სწრაფი ფეხბურთის ჩვენება იქნება შესაძლებელი. ბურთიც უფრო სწრაფად იმოძრავებს, მოთამაშეებიც და თამაშიც უფრო სანახაობრივი იქნება. ბურთის მიღება-გასწორება უფრო კარგი იქნება და ოსტატობა უფრო გამოჩნდება“.
ჩაბრაძის თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე გამორჩეულ გულშემატკივრობას ელოდება.
„გუნდში ყველა ხვალინდელი თამაშის მოლოდინში ვართ. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ბათუმის „დინამო“ სახლში ბრუნდება, სტადიონზე კი გველოდება ჩვენი გულშემატკივარი და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, 100 პროცენტით უნდა გავაკეთოთ. მე რაც ვიცი, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა და ანუ 7 ათასამდე გულშემატკივარი მოვა. ეს საქართველოს ჩემპიონატზე ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება“.
24 წლის მცველი იმედოვნებს, რომ ევროპულ გულშემატკივრობას ბათუმის თამაშებზეც ვიხილავთ.
„დღეს სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები, „პირატები“ მოვიდნენ და ველოდები, რომ მათგან მაგარი თანადგომა და მხარდაჭერა იქნება. ეს ბათუმელებს არ ეშლებათ. დარწმუნებული ვარ, ისეთ ატმოსფეროს შექმნიან, საქართველოს ჩემპიონატზე უცხო რომ არის და იქნება ისეთი, რაც ევროპაშია. გულშემატკივრები დიდ სამზადისში არიან და გვპირდებიან, რომ თამაშამდე სიურპრიზებს გეგმავენ“.