გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ფლორიდულ დერბიში [ვიდეო] #1TVSPORT

მეტისმეტად დაძაბული გამოდგა „ორლანდო მეჯიქისა“ და „მაიამი ჰიტის“ მატჩი, რომელიც სამწუდ გოგა ბითაძის „მეჯიქმა“ ბოლო წამზე წააგო. არადა, ქართველი ცენტრის ორქულიანით, რომელიც გოგამ საფინალო სირენამდე 4.9 წამით ადრე ჩააგდო, „ორლანდო“ 88:87 იგებდა. ეს იყო საოცარი ქამბექი, რომელიც ორლანდოელებმა შასრულეს, როცა მატჩის დასრულებამდე 1:25 წუთით ადრე 82:87 ჩამორჩენილებმა დაწინაურება მოახერხეს. დარჩენილ წამებში მაიამელებმა ბურთი ტაილერ ჰიროუს  მიაწოდეს, რომელმაც, ფაქტობრივად საფინალო სირენის თანხლებით (0.5 წამით ადრე) მაიამელთა გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 89:88.

ბითაძე მოედანზე ისევ ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ სასტარტო ხუთეულიდან საბოლოოდ ამოაგდო ვენდელ კარტერი. „მაიამისთან“ კარტერი სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. ბითაძემ მოედანზე 33 წუთი დაჰყო და თავი 10 ქულას, 14 მოხსნას, 3 დაფარებას, 3 ჩაჭრას და 2 პასს მოუყარა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას ბევრი არ შეუტევია, თუმცა ბევრი ბურთი კი მოხსნა.

სხვა ლიდერებს რაც შეეხებათ, „ორლანდოში“ 29 ქულა ჰქონდა ჯალენ საგსს, ხოლო ტრისტან და სილვამ 18 ქულა მოაგროვა. „მაიამიში“ 20 ქულით საუკეთესო იყო ტაილერ ჰიროუ, ალეკ ბურკსმა კი 17 ქულა მოაგროვა.

„ორლანდოს“ 19 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ისევ შინ, 28 დეკემბერს, „ნიუ იორკთან“ გამართავს.