გოგა ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა „მილუოკისთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძეს „ორლანდოში“ სათამაშოდ საკმარისი დრო დაუთმეს და ქართველმა ცენტრმაც ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ფლორიდულმა გუნდმა კონფერენციის ლიდერს, სანდრო მამუკელაშილის ყოფილ კლუბს, „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 123:134 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ორლანდოს ძირითად მეფარეს, მორიც ვაგნერს ცვლიდა. საბოლოოდ, ვაგნერმა ბითაძეზე წუთით მეტი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
გოგამ მოედანზე ყოფნის პერიოდში რვაჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 6 ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. მას ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. ორლანდოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მეორე ვაგნერი, სახელად ფრანცი, ხოლო იტალიური პასპორტის ამღებმა ამერიკელმა პაოლო ბანჩერომ, რომელიც გასულ დრაფტზე ორლანდოელებმა პირველ ნომრად აირჩიეს, თავი 20 ქულას და 4 პასს მოუყარა.
ორლანდოს 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს შინ „იუტა ჯაზთან“ გამართავს.