საზაფხულო ლიგის წინ - ბითაძემ ტრავმის გამო ორი ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT
„პეისერსში“ საზაფხულო ლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საკადრო პრობლემებია. „პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრს, გოგა ბითაძეს ზურგის ტრავმა აქვს, რის გამოც მან საზაფხულო ლიგის პირველი ორი ვარჯიში გამოტოვა, – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„გოგა ბითაძემ ზურგის ტრავმის გამო საზაფხულო ლიგის პირველი ორი ვარჯიში გამოტოვა. მას ყოველდღიურად იკვლევენ და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, – წერია „პეისერსის“ გნაცხადებაში.
საზაფხულო ლიგა 8-18 აგვისტოს ლას ვეგასში ჩატარდება. ბითაძე „ინდიანას“ შემადგენლობაში ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი იქნება, შესაბამისად მან უნდა დაამტკიცოს, რომ რეგულარულ სეზონში და პლეიოფში უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
ბითაძის გარდა, საზაფხულო ლიგაში მონაწილეობას მიიღებენ სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი. შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი NBA-ის დრაფტზე მე-2 წრეში 24-ე ნომრად „ინდიანამ“ აირჩია და შემდეგ „ბაქსში“ გაუშვა. ბეჟანიშვილი დრაფტზე არ აურჩევიათ, მაგრამ შემდეგ „დენვერ ნაგეტსმა“ გუნდში აიყვანა და საზაფხულო ლიგაში წარმატებულად თამაშის შემთხვევაში კონტრაქტსაც გაუფორმებენ.
„ინდიანა პეისერსი“ პირველ შეხვედრას 9 აგვისტოს „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს.