გოგა ბითაძე - ვიმედოვნებ, ევრობასკეტზე ბევრ მატჩს მოვიგებთ #1TVSPORT
გამოცემა „ევროჰუპსმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ორლანდო მეჯიქის“ ევროპელებზე. ფლორიდულ კლუბში თამაშობენ გოგა ბითაძე, ფრანც და მორიც ვაგნერები და ტრისტან და სილვა. გოგა, მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს, დანარჩენები კი გერმანელები არიან.
როგორც ფრანც ვაგნერი ამბობს, ევრობასკეტი 2025-ზე თამაში გადაწყვეტილი არ აქვს:
„მიყვარს ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში. მიყვარს კალათბურთელები, რომლებიც იქ არიან. თუმცა ევრობასკეტი ზაფხულის ბოლოსაა და მანამდე დიდი დროა. ვითამაშებ თუ არა, ჯერ არ გადამიწყვეტია. არც მწვრთნელს დავპირებივარ. არ მიყვარს დაპირებები“.
რაც შეეხება მის ძმას, მორიცს, კოჭის ტრავმა აქვს. მართალია, ზაფხულში მოიშუშებს, თუმცა არც მისი ბედია გარკვეული ევრობასკეტთან დაკავშირებით.
ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის საკითხი გარკვეულია:
„ნაკრებში თამაშს ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები. ევრობასკეტისთვის უკვე ვემზადები, ამ ზაფხულს ვიმუშავებ, რომ ევროპის ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შევხვდე. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან ერთად ბევრ მატჩს მოვიგებ“, – ამბობს გოგა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე კვიპროსში ითამაშებს, გერმანია კი – ლატვიაში. ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება“.