გოჩა სვანიძე - შარშან უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები გადაზრდილია მილტონ ჰეიგისთვის
გოჩა სვანიძე - შარშან უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები გადაზრდილია მილტონ ჰეიგისთვის

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მყოფმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგისთვის გუნდი ჯერ კიდევ შარშან „გადაიზარდა“, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე მისი გათავისუფლება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

„საქართველოს ნაკრებმა შარშან ერთა თასი კი დაიბრუნა, მაგრამ გუნდის თამაშით ჩვენ ყველანი უკმაყოფილოები ვიყავით და ეს ზაფხულის ტესტებში კარგად გამოჩნდა. ამიტომ, საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ ორი მწვრთნელი გავათავისუფლეთ, რაც არცთუ მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ. იყო წინააღმდეგობა. ერთ-ერთზე მომწიფებული იყო გათავისუფლების გადაწყვეტილება და ამაზე პრობლემა არ ყოფილა, მეორეზე კი მთავარი მწვრთნელი ფიქრობდა, რომ ის გამოცდილი იყო და შესაძლოა გამოგვდგომოდა. საბოლოოდ, მილტონ ჰეიგი ჩვენ დაგვეთანხმა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც მოუწევდა გუნდის დატოვება, რაც არასწორი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ახალი მწვრთნელი შედეგებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე არ აიღებდა და იტყოდა, რომ მას უბრალოდ დრო არ ჰქონდა გუნდის მოსამზადებლად მსოფლიო თასისთვის“.

გოჩა სვანიძემ უშუალოდ მსოფლიო თასზეც ისაუბრა.

„ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული ამოცანა დასახული, რომ მაინც და მაინც გარკვეული რაოდენობის თამაში უნდა მოგვეგო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლაა. რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილი ვიცით და ისიც ვიცოდით, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებდით, მაგრამ შინაგანად მოლოდინი გვქონდა, რომ წინა ჩემპიონატის შედეგს გავიმეორებდით და ორ თამაშს მოვიგებდით. ასე არ მოხდა და ალბათ გარკვეული შეცდომები დაშვებული იყო მწვრთნელების მხრიდან. გარდა ამისა, ვერც მსაჯობაზე ვიტყვი, რომ საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ფიჯისთან, რომელიც, მიუხედავად დიდი ანგარიშით მარცხისა, მგონია, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი არ არის“.

გოჩა სვანიძემ ასევე განაცხადა, რომ ნაკრების ახალ მწვრთნელს რაგბის კავშირი მომდევნო არჩევნების შემდეგ დანიშნავს.