საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა „ნატურალიზაციის სკანდალთან“ და 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ტურნირის ჩემპიონი რუმინეთი გახდა. გუნდი რომელსაც შემადგენლობაში ტონგელი მოთამაშე ჰყავდა.
რუმინეთის, ესპანეთის და ბელგიის დისკვალიფიკაციის შესახებ „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილების შემდეგ, „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ყველაზე მეტ კითხვას ტურნირის შარშანდელი ფინალი იწვევს, რომელშიც „ბორჯღალოსნები“ რუმინეთში 7:8 დამარცხდნენ და ჩემპიონის ტიტული დათმეს.
შედეგის გაპროტესტებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა –
„ეს ჩვენ ხასიათში არ ზის. დიახ ჩვენ გვაქვს უფლება გამოვხატოთ პროტესტი, თუმცა ამას არ გავაკეთებთ. საქართველოს უნდა მოეგო ის შეხვედრა, უკეთესი გუნდი გვყავს და ერთი მოთამაშე ამინდს არ ქმნის. წელს დავამტკიცეთ თუ ვინაა „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საუკეთესო.“
„საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების ლიდერია! მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება დიდი დარტმაა „რაგბი ევროპის“ საერთაშორისო იმიჯისათვის. თუკი ორგანიზაციაში მსგავსი რამ ხდება, ესეიგი ყველაფერი კარგად არ არის. ასეთი შემთხვევების დაშვება არ შეიძლება, როგორც ჩანს არსებული კონტროლის მექანიზმები არასაკმარისი იყო“.
„მე ვთვლი, რომ „რაგბი ევროპაში“ ცვლილებების დროა. ორგანიზაციამ უფრო აქტიურად და კრეატიულად უნდა იმუშაოს. მათ ელიტარული რაგბის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ამისათვის ბევრი შრომაა საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ „რაგბი ევროპას“ ფინანსები არ ჰყოფნის, თუმცა თუკი ლოდინის რეჟიმში ვიქნებით, ფული არ გაჩნდება. საჭიროა მარკეტინგის განვითარება. მე ოკტავიან მორარიუს („რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი) დიდ პატივს ვცემ, თუმცა „რაგბი ევროპის“ მუშაობა იდეალურისგან შორსაა. ჩვენ მას რეფორმების გზაზე მხარს დავუჭერთ.“
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის 2018 წლის ფინალში საქართველომ რუმინეთი 25:16 დაამარცხა.