გოჩა სვანიძე - პოსტს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია საქმე გაკეთდეს
გოჩა სვანიძე - პოსტს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია საქმე გაკეთდეს

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რაგბის კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

 

– ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ საჯარო რეესტრი რაგბის კავშირის ყრილობას ლეგიტიმურად ცნობს, სასამართლოს აღარ მიმართავს, მაგრამ ეჭვობს, რომ რეესტრი გადაწყვტილებას შეცვლის.

– უკან მინდა დაგაბრუნოთ. 2020 წლის 24 თებერვალს ყრილობა იმიტომ ვერ ჩავატარეთ, რომ ბოიკოტის გამო ხმების 2/3 ვერ შევაგროვეთ. ეს ფორმა ვისგანაც უნდა მოდიოდეს, მიუღებელია, რადგან სუბიექტების საერთო კრება უმაღლესი ორგანოა და უფლებამოსილია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ორგანიზაციისთვის საჭიროდ მიაჩნია. ამიტომ მინდა ხურციძეს და სხვებსაც შევახსენო – სანამ გამგეობა განმეორებით კრებას (ყრილობას) დანიშნავდა, 42 გუნდიდან 36-მა კატეგორიულად განაცხადა, რომ დასრულებულიყო ის კრება (ყრილობა), რომელიც ბოლომდე ვერ მივიდა.

სხვათა შორის, ამ განცხადებას წინ უძღოდა ხურციძისა და აბუსერიძის ანალოგიური შინაარსის ინდივიდუალური წერილები. სატელევიზიო ჩართვის დროს მათ დავეთანხმე, რომ პროცესი უნდა დასრულებულიყო. გამომდინარე აქედან, ჩემთვის გაუგებარია ბრძოლის ის მეთოდი, რომელიც ხურციძემ აირჩია. სჯობდა, მთელი მისი ენერგია რაგბს მოხმარებოდა, ამის უნარი კი გააჩნია – პოსტს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია საქმე გაკეთდეს.

– ხურციძემ 30 დეკემბერს გამართულ ყრილობას არალეგიტიმური უწოდა.

– მას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს. მაგრამ ხურციძის ადგილზე კატეგორიულობისგან თავს შევიკავებდი, იმის მიუხედავად, რომ იურისპრუდენციაში მისი ასაკის გამოცდილება გამაჩნია. საჯარო რეესტრში ხარვეზი ძალიან ხშირად ხდება. მაშინაც კი, როდესაც იურისტები დარწმუნებულები ვართ, რომ არ უნდა დაახარვეზოს. და თუ ხარვეზს არ ვეთანხმებით, იძულებულები ვართ, მას დავემორჩილოთ და ის ნაბიჯები გადავდგათ, რასაც რეესტრი ითხოვს ან ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ.

– თქვენ რას აპირებთ?

– მოცემულ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ რეესტრს იურიდიულად შეეშალა. თუმცა, არა მგონია, ეს იურისტების გადაწყვეტილება იყოს – იქ რამდენიმე სამსახურია და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღება. ვიცი, რომ რეესტრში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები არიან. მაგრამ არიან სამსახურები, რომლებიც ცხვირს არ უნდა ჰყოფდნენ იმ საქმეებში, რაც არ იციან. მაგრამ ესეც არაა ტრაგედია და ამას თავად იუსტიციის სამინისტრო მოუვლის.

ეს არაა ერთი კონკრეტული შემთხვევის პრობლემა, ზოგადი პრობლემაა. ზოგჯერ ისეთი რამ ხარვეზდება… ერთხელ, მაგალითად, ჩემს კომპანიაში წილი ორჯერ გავყიდე. ერთი და იგივე წესით პირველი დაარეგისტრირა, მეორედ – დაახარვეზა. ზოგჯერ სიტუაცია კურიოზამდე მიდის. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ასეთ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს ტექნიკური საკითხია და მოგვარდება, თუ რა თქმა უნდა, ეს არაა სისტემური ჩარევა.

– ხურციძე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

– რიგგარეშე ყრილობა იგივე წესით ტარდება, როგორც ეს ყრილობა. ამდენად, განმეორებითი ყრილობა იქნებოდა თუ რიგგარეშე – აბსოლუტურად იგივე რაოდენობის ხმების გადანაწილებით მოხდებოდა, როგორც ბოლო ყრილობაზე. აქედან გამომდინარე არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ რიგგარეშე ყრილობის პირველი სხდომის ქვორუმი უფრო მაღალია. ხოლო ბოიკოტის მოწყობა – უფრო ადვილი. ესაა და ეს.

მოდით, კაზუისტიკას თავი დავანებოთ და საქმე ვაკეთოთ. ეს ყველამ უნდა გაიგოს, მათ შორის იმ გულშემატკივრებმა, რომლებიც თავისი გავლენების მიმართვას რაგბში მართვის ბერკეტების ასაღებად თუ შესანარჩუნებლად ცდილობენ. რაგბი, ისევე როგორც სპორტის ნებისმიერი სახეობა, ავტონომიურია და მას იცავს საერთაშორისო ფედერაციები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ამას არავინ მოგვიწონებს. იმიტომ, რომ ეს სტადიები მსოფლიოს უკვე გავლილი აქვს – სპორტი უნდა მართონ სპორტსმენებმა და იმ ფუნქციონერებმა, რომლებიც კონკრეტულ ფედერაციებში არიან დასაქმებულები. ეს იმ პირებს ეხება, რომლებიც ბოლო კრებაზე ბოიკოტირების კუთხით ჩაერივნენ – 8-9 კლუბის წარმომადგენლების სურვილს, კრებაზე მოსულიყვნენ და ხმა მიეცათ, ხელი შეუშალეს.

– ხურციძის გვერდით პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის გამოჩენაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

– თავად მაისაშვილის კომენტარი რომ მოვისმინე, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე. ნაკრების მწვრთნელების არჩევნებში გამოჩენის ფაქტი და რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედება კარგი ტონი არაა. პრეზიდენტობის დროს ბერკეტები მქონდა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები დავიბარე და კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ არჩევნებში ჩემს სასარგებლოდ პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. იმიტომ, რომ მწვრთნელებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ.